მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მოხუც გაბრიელ ბუკაშვილს ნასწავლი შვილი ჰყავდა. მეზობლები დიდი პატივისცემით შეჰყურებდნენ გაბრიელს და მის ცოლს - აღათის, რომლებმაც სამაგალითოდ გამოზარდეს თავიანთი ერთადერთი ვაჟი. გაბრიელი სამოცდაათი წლის იყო, თეთრი გრძელი წვერი ჰქონდა. მაღალი, დინჯი კაცი გახლდათ. აღათი კი პატარა, გამხდარი, ფუსფუსა და მუდამ მომღიმარი დედაკაცი იყო.

 

ორივე მოხუცს თავი მოსწონდა სოფელში, რომ მართალია, წვითა და დაგვით, მაგრამ მაინც, მხოლოდ მათ გამოზარდეს შვილი, რომელიც ახლა თბილისში დიდად ცნობილი ვექილი და განათლებული კაცია. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ივლიანეს მჯობი კაცი არათუ თბილისში, მთელ ქვეყანაზედაც არ მოიპოვება.

 

სამაგალითო კაცი რომ არ ყოფილიყო, განა ასე ეყვარებოდათ მთელ სოფელში? იმის დიდკაცურ ცხოვრებას ისიც ამტკიცებდა, რომ ბევრს სოფელში ჩამოსულს ამბავი ჩამოჰქონდა, ბევრ ახალგაზრდა სოფლელს ქალაქში მოსამსახურედ ნამყოფს, ენახა ივლიანე: ზოგს ეტლში, ზოგს ისე შორიდან, ბულვარზე დაენახა, როცა იგი თავის ლამაზ ცოლთან ერთად სეირნობდა, მაგრამ დალაპარაკებით კი ვერ დაელაპარაკნენ, რადგან „განა დიდკაცთან დალაპარაკება ასე ადვილი არის?" - დასძენდნენ ისინი.

 

გაბრიელი ამ დროს სიამოვნებით იღიმებოდა ულვაშებში და კმაყოფილი ამბობდა: ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას, კაი კაცი იყოს; აბა დიდი კაცი რომ არ იყოს და რომ არაფერი ჰქონდეს, თუმანს როგორ გამომიგზავნის თვეში?" და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატებდა" მამაშვილობას, რომ წახვიდე, უსიკვდილოდ ნახე, ჩემი ხათრი თუ გაქვს, ნახე, დაელაპარაკე, ჩვენი ამბავი უთხარი, პატივს გცემს, ძმასავით მიგიღებს... მამაშენი და იგი ერთად გაზრდილნი არიან"

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე