მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #7)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #7)

მინდორზე, რომელსაც გასამხნევებელს უწოდებდნენ, თავდაპირველად ყვავილები და ბალახები იზრდებოდა, თაგვები დარბოდნენ, ფუტკრები ნექტარს აგროვებდნენ.

ამ მინდორში იდგა ერთი ჩვეულებრივი სახლი, აი, ზუსტად ისეთი, პატარა ბავშვები რომ ხატავენ - ორი ფანჯარა, კარი, ფანჯრის რაფაზე ყვავილები და საკვამური, თავისი კვამლითურთ. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერში არაჩვეულებრივი იყო, მინდორში მცხოვრები გოგო გახლდათ. მას ჰანცი ერქვა. ჰანცი ხან სიმაღლეში იზრდებოდა, ხან სიგანეში, გააჩნია როგორ გუნებაზე იყო. თუ კარგ გუნებაზე იყო, ყველაზე მაღალი იყო, თუ ცუდზე - ყველაზე მსუქანი.

გოგოს შეყვარებული ჰყავდა. ბიჭი განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა, ყოველთვის ახერხებდა გოგონას გუნებაზე მოყვანას.

ყველაზე მეტად ჰანცს მაშინ უჭირდა, როდესაც მზე ჩავიდოდა და პლანეტაზე გაუთავებელი ღამეები იწყებოდა ხოლმე.

- მალე ღამეები დაიწყება, რა მეშველება? - შესჩივლა ერთხელ თავის შეყვარებულს.

- ჰმ, - ჩაფიქრდა ის, - მე მგონი, უბრალოდ არ უნდა შეიმჩნიო.

- ეგ როგორ?

- როგორ და მარტივად, როგორც მზის შუქზე იქცეოდი, ღამითაც ისე მოიქეცი.

- სიბნელეში დავჯდე და გაზეთი ვიკითხო? - ირონიულად იკითხა გოგომ.

- არა, შენ შეგიძლია წინასწარ დაიზეპირო გაზეთი, მერე სიბნელეში დაჯდე და ვითომ კითხულობ.

- მერე გაზეთი გუნებას გამომიკეთებს? - გოგოს გაეცინა.

- არა, უბრალოდ შენ ამით მიეჩვევი სიბნელეშიც აკეთო ის, რასაც სინათლეში აკეთებ. დამიჯერე, ეს ცხოვრებაში ძალიან გამოგადგება და ბოლოს შეიძლება სამოთხეშიც კი მოხვდე.

როდესაც ღამეები დაიწყო, ჰანცი მართლაც თავისი გაზეთით გამოვიდა და შუა მინდორში დაჯდა. ირგვლივ კუნაპეტი სიბნელე იყო, მაგრამ რა ენაღვლებოდა, გაზეთის თექვსმეტივე გვერდი გაზეპირებული ჰქონდა. გადაშალა და „კითხვა“ დაიწყო. საკმაოდ სახალისო გამოდგა. რამდენჯერაც გაიცინებდა, იმდენჯერ სიმაღლეში იზრდებოდა.

იმ წელს ღამე რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ჰანციც რამდენიმე თვე იჯდა მინდორში. მისი შეყვარებული მოდიოდა და ქაღალდის პარკით ფუნთუშები მოჰქონდა. ერთხელაც ჰანცმა თავი ასწია და მიხვდა, რომ შუაგულ კოსმოსში იყო. ფეხები ისევ თავის პლანეტაზე ედგა, თავი კი აშკარად ღრუბლებს ზევით ჰქონდა.

გოგო ცას ათვალიერებდა, გარშემო ვარსკვლავები იყო. ერთმა-ორმა კომეტამ ზედ საფეთქელთან ჩაუზუზუნა. რამდენიმე პატარა პლანეტას ხელითაც მისწვდა, ადგილი შეუცვალა და ისე დააწყო, რომ ყვავილის ფორმა გამოსულიყო. 

დრო გადიოდა და ჰანცსაც იგივე დაემართა, რაც ყველა სხვა გოგოს ემართება - შეყვარებული მოენატრა. ისე მოენატრა, რომ ტირილი დაიწყო და კარგა ხანს სლუკუნებდა.

ჰანცმა მოულოდნელად შენიშნა, რომ ისევ დაპატარავებულიყო, თავის მინდორში იდგა. შეყვარებულიც იქვე იყო და ცდილობდა, ხელში შერჩენილი მზისთვის როგორმე ხელი გაეშვებინებინა.

ეს პატარა მზე ჰანცმა კოსმოსში დაინახა და სურდა, სადმე უკეთეს ადგილას გადაედო, მაგრამ ხელში კი შერჩა. შეშინებულმა ჰანცმა მაშინვე გაუშვა ხელი. მზე მინდვრის თავზე დადგა და მას შემდეგ ადგილი აღარ შეუცვლია.

- მეგონა, არასოდეს ჩამოაღწევდი, ერთი კვირაა ფუნთუშებიანი პარკით ვდგავარ შენს ფეხებთან, - უთხრა ბიჭმა და პარკი გაუწოდა. ჰანცმა მაშინვე შეჭამა გამხმარი ფუნთუშები, დანაყრდა და ბედნიერმა გაიცინა.

ამბობენ, რომ ისინი დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. კოსმოსიდან ჩამოყოლილი პატარა მზის წყალობით  ამ მინდორზე ღამეები აღარ დგებოდა.

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია