მეხუთე საფეხური
» ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #2)

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე (ნაწყვეტი #2)

გრინკო და გოგონა მართლაც  სხვა პლანეტაზე იყვნენ. ეს პლანეტა დედამიწიდან არც კი მოჩანდა. სახელიც არ ერქვა. სახელი ხომ იმისთვისაა, რომ სხვამ დაგიძახოს, კარპასებს კი კარგა ხანს ეგონათ, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობდნენ. მართალია, ბოლო ორი საუკუნე ასე აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს და პლანეტას სახელი არ დაარქვეს. სამაგიეროდ, მეზობლები, იქვე, სხვა პლანეტაზე მცხოვრებლები, სრულიად მოურიდებლად ეძახდენენ „გაბრტყელებულ პლანეტას“.

 

ეს პლანეტა მართლაც არ იყო მრგვალი, ფიცარივით მართკუთხა გახლდათ. როგორც თავის დროზე წინასწარმეტყველმა თქვა, პლანეტა ერთი კოსმოსური კატასტროფის შედეგად გაბრტყელდა, როდესაც ორი გაცილებით დიდი პლანეტა ერთმანეთს შეასკდა და მესამე შუაში მოიყოლა. კიდევ კარგი, მაშინ მასზე არავინ ცხოვრობდა. პლანეტაზე პირველი მოსახლეობა მხოლოდ ექვსი საუკუნის წინ გამოჩნდა. ისინი, არც მეტი არც ნაკლები, ციდან ჩამოცვივდნენ.

 

იმ გალაქტიკას, რომელსაც ეს უსახელო, გაბრტყელებული პლანეტა ეკუთვნოდა, გრავიტაციის პრობლემა ჰქონდა. „გრავიტაცია“ უცხო სიტყვაა და როგორც ყველა უცხო სიტყვა, ესეც საკმაოდ რთულ რამეს ნიშნავს - პლანეტის მიზიდულობას. მაგალითად, დედამიწა ჩვენ გვიზიდავს და ამიტომ არ ვლივლივებთ ჰაერში, არც ჩვენი სახლები დაფრინავს. მაგრამ იქ გრავიტაცია ძალიან სუსტი იყო, ამიტომ სხვადასხვა პლანეტიდან ხალხი ხშირად ცვიოდა და ქვევით მდებარე პლანეტაზე ეცემოდა.

 

პლანეტა სულ ახალი გაბრტყელებული იყო, როდესაც მასზე პლანეტა კარპასიდან კარპასებით სავსე ავტობუსმა მოადინა ზღართანი. ავტობუსი # 12 მშვიდად მიდიოდა ქუჩაში და ხალხი სამსახურებში მიჰყავდა. ალბათ მიიყვანდა კიდეც, ერთ-ერთ გაჩერებაზე ქალბატონი გლურჯი რომ არ ამოსულიყო. ამ ქალბატონს ძალიან უყვარდა ნამცხვრები და გვარიანად მსუქანიც გახლდათ, დაახლოებით 160 კილოგრამს იწონიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ დილას გლურჯს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ყავა დაელია და ალუბლის ტორტი შეეჭამა. არავინ იცის, ტორტის მერამდენე ნაჭერი აღმოჩნდა საბედისწერო, მაგრამ ფაქტია, ქალბატონი გლურჯი ავტობუსში ავიდა თუ არა, მან სიმძიმეს ვერ გაუძლო, მიწას მოსწყდა და ცოტაოდენი ფრენის შემდეგ გაბრტყელებულ პლანეტაზე ჩამოვარდა. სწორედ  # 12 - ის მგზავრები იყვნენ ამ პლანეტის პირველი მოსახლეები. კარპასები ამით ძალიან ამაყობდნენ. მალე ისე შეეჩვივნენ ახალ სამოსახლოს, რომ ერთ-ორ საუკუნეში საერთოდ დაავიწყდათ, კოსმოსში მარტოები რომ არ იყვნენ.

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: თეა თოფურია