მეხუთე საფეხური
» უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

პატარა ბიჭი უღუ და მისი და თეთ მღვიმეში ცხოვრობდნენ, რადგან იმ დროში ადამიანებმა სახლების აშენება არ იცოდნენ. უწინ ამ მღვიმეში დიდი შავი დათვი ცხოვრობდა, მაგრამ უღუსა და თეთის მამამ ის მღვიმიდან გააგდო.

 

მათი მღვიმის ღია პირი შავად გამოიყურებოდა დაქანებულ კლდოვან სერზე. მღვიმიდან ტყით აქოჩრილი მთის მწვერვალები მოჩანდა. მეორე მხარეს კი მინდორში მზისფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. მღვიმე დიდი და ხალვათი იყო, შესასვლელი ფართო და მაღალი ჰქონდა. მღვიმე შორს, სიღრმეში მიდიოდა და ვიწროვდებოდა. შესასვლელთან დიდი ლოდი იდო. ეს იყო მღვიმის კარი, რომელსაც ღამღამობით შესასვლელს აფარებდნენ. მღვიმის შუაში კერა იყო მოწყობილი. კერასთან ეყარა ფიჩხი და ხმელი ხის ჯირკვები. ირგვლივ, ალაგ-ალაგ, სხვადასხვა ნადირის ტყავები ეფინა. უღუ თმააბურძგნილი, წაბლისფერთმიანი, ცქვიტი ბიჭი იყო. ხშირად იჯდა მღვიმის პირას და მონუსხულივით შეჰყურებდა თვალწარმტაც სანახაობას, რომელიც მათი მღვიმიდან იშლებოდა. თეთ ბიჭზე უფრო მომცრო ტანის, ხუჭუჭთმიანი, ძმასავით მაგარი, მკვრივი აგებულების გოგონა იყო. თეთს უფრო გამოქვაბულში ფუსფუსი ეხალისებოდა.

 

ბავშვების მამას, სახელად ბას, მაღალ, შავწვერულვაშიან კაცს წელზე მგლის ტყავი ჰქონდა შემოხვეული, რომლის კუდი ძირს ეთრეოდა. დედას, ნენს, მომცრო, მხიარულ, ნათელთვალებიან ქალს, ბრტყელი თასმით შეკრული თმა მხრებზე გაშლოდა. ტანზე შავი დათვის ტყავი ეცვა, კისერსა და ფეხებს ცხოველების კბილებისაგან ასხმული ყელსაბამი და წვივსაკრავები უმშვენებდა.

 

ბა და ნენ ხშირად ტოვებდნენ ხოლმე უღუსა და თეთს მღვიმეში მარტოებს და სადღაც მიდიოდნენ. წინა დღით დიდი სამზადისი ჰქონდათ. ბა კეტებს სინჯავდა და გალესილ ქვის ცულებს თასმებით ხის ტარს ამაგრებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბა და ნენ ნანადირევით დატვირთულები ბრუნდებოდნენ მღვიმეში. მხიარულად და ყოჩაღად მოაბიჯებდნენ.

უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ნინო ნაკაშიძე