მეხუთე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

ჩიხურის პირას, მაღლობზე, დგას ორსართულიანი სახლი. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840 წელს.

 

იმ დროს გაძიძება (ყმაწვილის სოფელში მიბარება) ტრადიცია იყო ჩვენს ქვეყანაში: მეფეები და მთავრები ერისთავებს აბარებდნენ და აზრდევინებდნენ თავის შვილებს, ერისთავები და დიდებულები - აზნაურებს და აზნაურები კი გლეხებს; უფრო ხშირად თავადებიც გლეხებს აზრდევინებდნენ. ნუ გგონიათ, რომ მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყვნენ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებ ჰყვარებოდათ! ... ამ ტრადიციას სულ სხვა მიზეზი და საფუძველი ჰქონდა. გაძიძება აკავშირებდა და აახლოებდა ერთმანეთისგან განსხვავებულ წოდებას. ამის ბრალია, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალ და დაბალ წოდებას შორის ყოველთვის კარგი და თბილი ურთიერთობა იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუკი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაძიძებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი.

 

ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ შორის სავანე, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც.

 

გლეხის ოჯახი სულ მუშაობაშია. კაცები ადრევე მიდიან სამუშაოდ ყანებში, თუ ტყეში, სადილი და სამხარიც იქ მისდით. ქალები კი საოჯახო საქმეზე ტრიალებენ. მათ ხელშია საქონლის მოვლა, ფრინველების პატრონობა, სახლის დაგვა-დასუფთავება, სადილ-ვახშმის მზადება და მრავალი სხვა საქმე. ბავშვი რომ თვალყურს ადევნებს იმათ მუშაობას, თვითონაც ბევრ რამეს სწავლობს. ხუთი-ექვსი წლისამ ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვის მოვლა, სადილის მომზადება, შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა და სხვლა. 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: აკაკი წერეთელი