მეხუთე საფეხური
» პატარა პრინცი (ნაწყვეტი #8)

პატარა პრინცი (ნაწყვეტი #8)

- შენი თავგადასავალი მშვენიერია, - ვუთხარი მე პატარა უფლისწულს.

- მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ.

- მეც მწყურია... - მითხრა მან - წამოდი, ჭა მოვძებნოთ...

მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თვალუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას. დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს.

პატარა პრინცი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა:

- ლამაზია ვარკვლავები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს...

- მართალი ხარ, - მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას.

- უდაბნოც ლამაზია, - დასძინა მან.

მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც...

- იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? - თქვა პატარა უფლისწულმა, - იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება... მე გავოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო...

- მართალი ხარ, - მივუგე მე პატარა უფლისწულს. - სახლი იქნება, ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არა ჩანს.

პატარა პრინცი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანტუან დე სენტ ეგზიუპერი