მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #6)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #6)

დილით, გემბანზე რომ გამოვედი, უკვე კუნძული დავინახე. ზედაპირის დიდ ნაწილს ნაცრისფერი ტყე ფარავდა. ერთფეროვნება და მოწყენილობა შეიმჩნეოდა. მწვანით შეფენილი ბორცვები შიშველი კლდეებით ბოლოვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მზე კაშკაშებდა და აცხუნებდა, თან ამდენი ხნის მგზავრობის შემდეგ თითქოს კაცს უნდა გახარებოდა კიდეც ხმელეთის დანახვა, მაგრამ მაინც რატომღაც გული ჩამწყდა  და პირველი დანახვიდანვე განძის კუნძულზე ფიქრიც კი შემძაგდა.

დილის მოსაბეზრებელი სამუშაო წინ გვედო. ნავები უნდა ჩაგვეშვა, შიგ მეზღვაურები ჩაგვესხა, გემი კი კონცხის გარშემო შემოგვეტარებინა და კუნძულის უკან ვიწრო სრუტეში მდებარე ნავსაყუდელში გაგვეჩერებინა. საშინლად ცხელოდა და კაცები ბუზღუნით მუშაობდნენ. ვიფიქრე, ეს ცუდი ნიშანია-მეთქი, რადგან იმ დღემდე მეზღვაურები თავიანთ საქმეს მკვირცხლად და ხალისიანად ასრულებდნენ, ხოლო კუნძულს მოჰკრეს თვალი თუ არა, დისციპლინა მოეშვა.

ამ დროს კაპიტანი გამოვიდა და ეკიპაჟს მიმართა:

- ბიჭებო, დღეს მძიმე დღე გვქონდა; ყველანი მოვიქანცეთ და გუნებაზედაც ვერ ვართ. ნაპირზე გავლა-გამოვლა არავის აწყენს. ვისაც გნებავთ ნაშუადღევი სანაპიროზე გაატარეთ.

დარწმუნებული ვარ, იმ სულელებს ეგონათ, ხმელეთზე რომ გადავალთ, განძი ჩეჩქივით ეყრებაო, რადგან მაშინვე კარგ გუნებაზე დადგნენ და ისეთი „ვაშა“ შესძახეს, რომ შორს მთებმა მისცა ექო.

მეც გადავწყვიტე ხმელეთზე გადასვლა.

კუნძული უკაცრიელი იყო. თანამგზავრები უკან მოვიტოვე და ახლა ჩემ წინ ცხოველებისა და ფრინველების გარდა აღარაფერი იყო.

უცებ რაღაც ხმაური ატყდა. ინსტინქტურად ავიხედე და თვალი მოვკარი, რომ ვიღაც მკვირცხლად ამოეფარა ფიჭვს. რა იყო - დათვი, კაცი თუ მაიმუნი - ვერ მივხვდი. შავი და ბანჯგვლიანი ჩანდა, მეტი ვერაფერი გავარჩიე, მაგრამ ამ მოჩვენებამ მუხლები მომკვეთა. მაშინვე პირი ვიბრუნე და კვლავ ნავებისაკენ მიმავალ გზას დავადექი.

უცებ უცხო არსება ჩემ წინ აღმოჩნდა. მართალია, დაქანცული ვიყავი, მაგრამ სრულ ძალ-ღონეზე რომ ვყოფილიყავი, დავრწმუნდი, ამაოდ ჩაივლიდა ამისთანა მეტოქესთან სისწრაფეში გაჯიბრება. ეს არსება ხიდან ხეზე მაიმუნივით ხტოდა და ადამიანივით ორი ფეხით დარბოდა. უკვე აღარ მეეჭვებოდა, რომ ჩემ წინ ადამიანი იყო.

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი