მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #4)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #4)

შიშზე უფრო ცნობისმოყვარეობამ მძლია. ვეღარ მოვისვენე ხიდქვეშ, კვლავ ამოვიპარე ხევის პირას და ტირიფის ბუჩქს ამოვეფარე, საიდანაც მკაფიოდ მოჩანდა ჩვენი სახლის კარწინ გამავალი გზა. ის-ის იყო სათვალთვალო ადგილას დავჯექი, რომ ჩემი მტრებიც გამოჩნდნენ. შვიდი თუ რვა მეკობრე გაცხარებული მორბოდა ჩვენი სახლისაკენ.

- შეამტვრიეთ კარი! - ბრძანა უსინათლომ.

- არის! - უპასუხა ორმა და ფარნიანის თანხლებით მიაშურეს ჩვენს ფუნდუკს.

მაგრამ უცბად შედგნენ და ხმადაბლა გადაულაპარაკეს ერთმანეთს - თითქოს სახტად დარჩნენ, კარი ღია რომ დახვდათ.

ისეთი ბრაგაბრუგი ატეხეს, რომ ალბათ მთელი სახლი ზანზარებდა. მალე კაპიტნის ოთახის ფანჯარა ჯახუნით გაიხსნა, ფანჯრიდან კი კაცი გადამოეყუდა და უსინათლო მათხოვარს გადმოსძახა:

- პიუ, ჩვენზე ადრე ყოფილან აქ. ვიღაცას სულ გადაუქექია ზანდუკი!

- მერე ის მანდ არის? - იღრიალა პიუმ.

- ფულია აქ.

- ფული რა ოხრობად მინდა! მე ფლინტის ჩანაწერი მჭირდება! ამას ფუნდუკის ხალხი იზამდა. ეგ იმ ლაწირაკის ჩადენილია! - შესძახა პიუმ, - ახლახან აქ იყვნენ... ბიჭებო, აბა, გაიფანტეთ და მონახეთ. შორს ვერ წავიდოდნენ, სადმე აქვე იქნებიან!

ამ ალიაქოთში სოფლის მხარეს, სერზე სხვა ხმა გაისმა - ცხენების თქარათქური. თითქმის იმავე დროს დამბაჩამაც იგრიალა. მეკობრეებმა საფრთხის მოახლოება იგრძნეს, ერთბაშად იბრუნეს პირი და გაიქცნენ. ნახევარ წუთში მათი ნიშანწყალიც აღარ ჩანდა. მხოლოდ უსინათლო იდგა მარტო. გავეშებული აღმა-დაღმა დააბაკუნებდა ფეხს და ამხანაგებს ეძახდა.

მე წამოვხტი და ცხენოსნებს შევეხმაურე. მალე ვიცანი, რომ საბაჟოს მოხელეები იყვნენ. მათი უფროსის, დანსის, ყურამდეც მიეღწია ყურეში მეკობრეთა ხომალდის დგომის ამბავს და დაუყოვნებლივ გამოუგზავნია საბაჟოს თანამშრომლები.

მათთან ერთად დავბრუნდით მე და დედაჩემი ფუნდუკში. ვერ წარმოიდგენთ, რა აოხრებულ-გაპარტახებული დაგვხვდა იქაურობა. მართალია, კაპიტნის ფულის აბგისა და დახლში დარჩენილი ცოტაოდენი ვერცხლის ფულის გარდა წაღებით სხვა არაფერი წაუღიათ, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენ მაინც გაკოტრებულები ვიყავით.

- შენ ამბობ, ფული იპოვესო! აბა, მაშ რაღა ჯანდაბას ეძებდნენ? ალბათ უფრო მეტ ფულს? - მკითხა ერთ-ერთმა მოხელემ.

- არა, ბატონო, მგონი, ფულს არა, - მივუგე მე, - რასაც ეძებდნენ, დარწმუნებული ვარ, აქ, გულის ჯიბეში მიდევს და მინდა, უფრო კარგ ადგილას დავაბინავო.

ამოვიღე საგულდაგულოდ შენახული პატარა წიგნაკი და ქაღალდის დალუქული კონვერტი და მათ მივაწოდე.

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი