მეოთხე საფეხური
» სხვადასხვა (სანელებლები)

სხვადასხვა (სანელებლები)

როგორც კი ევროპელებმა შორეული აღმოსავლეთის სანელებლებს გემო გაუსინჯეს, მათ გარეშე ვეღარ ძლებდნენ. არცაა გასაკვირი: მხოლოდ შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილ სუნელებს შეეძლო უგემური სადილის გაგემრიელება. მე-15 საუკუნეში გაბედული მეზღვაურები, რომლებსაც დიდებულები და ვაჭრები აფინანსებდნენ, ღია ზღვაში გავიდნენ, რათა არომატული სანელებლების მოსაპოვებელი პირდაპირი გზა ეპოვათ, პილპილით, მუსკატის კაკლით, მიხაკ-დარიჩინითა და ჯანჯაფილით ვაჭრობა მათ საარაკო სიმდიდრეს ჰპირდებოდა. ყველაზე სასურველი პილპილი იყო. მისი სამშობლო ინდოეთი, მალაბარის სანაპიროა. პილპილის ხეს პატარა კაკლები ასხია, რომელიც გადამუშავების შემდეგ პილპილის მწვანე, შავ და თეთრ მარცვლებს იძლევა. მუსკატის კაკალი მოლუკებზე, „სანელებლების კუნძულებზე“ ხარობს და სულაც არაა კაკალი - მუსკატის ხის ნაყოფის კურკაა, რომელსაც ახმობენ, ფქვავენ და ისე ყიდიან.

მიხაკის სანელებლებიც მოლუკებზე მოდის, თუმცა ჩვეულებრივი მიხაკი კი არა, მიხაკის ხის ყვავილების არომატული სურნელის მქონე კოკრებია. დარიჩინს დარიჩინის ხის ქერქისგან იღებენ, მისი სამშობლო კუნძული ცეილონი (შრი-ლანკა) და ჩინეთია. ხის ტოტებს გარეშე ქერქს აცლიან, ხოლო შიგნითა ქერქს ახმობენ, სანამ გაყავისფერდება. ჯანჯაფილი კი აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ჯანჯაფილის ბუჩქის გამხმარი ფესვია.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: