მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #2)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #2)

სნუსმუმრიკმა ჩიბუხს მოუკიდა და დაიწყო:
– ეს ამბავი მოხდა ერთ ქვეყანაში, სადაც მიწა შავი ლავით იყო დაფარული. მიწისქვეშიდან დღედაღამ ბუყბუყი ისმოდა. დედამიწას ეძინა და ხანდახან სიზმარში ბორგავდა. ირგვლივ გაქვავებული ლავის უზარმაზარი ლოდები ეყარა, ყველაფერს ორთქლი ასდიოდა. იქაურობა გასაოცარი სანახავი იყო. ერთხელ მოსაღამოებულზე მივადექი ამ ადგილს. ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩაი მინდოდა. ჩაის დაყენება ძნელი არ იყო, უბრალოდ, ერთ-ერთი ცხელი წყაროდან წყალი ავიღე და ჩაიდანში ჩავასხი.
– კი მაგრამ, არ დაიწვი? – გაუკვირდა მუმინტროლს.
– ოჩოფეხებით დავდიოდი, – აუხსნა სნუსმუმრიკმა, – ოჩოფეხებით ნებისმიერ ლოდსა და ნაპრალს გადააბიჯებ. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყო, რომ სადმე არ ჩაეჭედო... მოკლედ, ჩაი დავლიე. გარშემო ყველაფერი დუღდა და ბუყბუყებდა; სულიერის ჭაჭანება არ იყო. ახლომახლო ვერც მცენარეებს მოჰკრავდი თვალს. უცებ, მიძინებულმა დედამიწამ გამოიღვიძა. ზუსტად ჩემ ცხვირწინ ქშენა-ღმუილით გაიხსნა უზარმაზარი კრატერი და იქიდან წითელი ცეცხლი და კვამლის უზარმაზარი ღრუბლები ამოიფრქვა.
– ცეცხლისმფრქვეველი მთა! – სნიფს სუნთქვა შეეკრა, – მერე, შენ რა ქენი?
– უბრალოდ, ვიდექი და ვუყურებდი. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო! 

ვხედავდი, ცეცხლის სულები როგორ იფრქვეოდნენ დედამიწიდან და ნაპერწკლებმოდებულნი როგორ დაქროდნენ ჰაერში. ცოტა ხანში ისე დაცხა, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა. ჰოდა, მეც გამოვიქეცი. დაბლა, მთის ძირას, პატარა ნაკადული ვიპოვე, წყლის დასალევად მუცელზე დავწექი. რა თქმა უნდა, წყალი თბილი იყო, მაგრამ არ დუღდა. სწორედ ამ დროს ერთი გზააბნეული ცეცხლის სული შემეფეთა. ნაკადულში ჩავარდნილიყო და, სადაცაა, ჩაქრებოდა. მხოლოდ თავიღა უელავდა და განწირული ხმით მევედრებოდა, გადამარჩინეო.
– მერე, გადაარჩინე? – ჰკითხა სნიფმა.
– რასაკვირველია! მას ხომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია, – ამაყად მიუგო სნუსმუმრიკმა, – მაგრამ, ერთი კია, ხელი დავიწვი.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი