მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #4)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #4)

სნორკი და სნიფი შეშისა და წყლის მოსატანად წავიდნენ. სნუსმუმრიკმა ჩიბუხს მოუკიდა, ზურგზე წამოწვა და წითელ ცას მიაჩერდა. ბოლოს ჩაილაპარაკა:
– გამოქვაბულში დამალვა კარგი აზრია. კომეტის გეშინია?
– არა, – მიუგო ფრეკენ სნორკმა, – უბრალოდ, მისი დანახვა არ მინდა. ვცდილობ, სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო ხოლმე.
სნიფმა წყალს ვერ მიაგნო. როგორც იქნა, ერთ ნაკადულს მიადგა, მაგრამ იქ თითქმის დამშრალი, ტალახიანი გუბე და გამხმარი დუმფარებიღა დახვდა. ყურებჩამოყრილი დაბრუნდა უკან და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა:
– მგონი, მთელ მსოფლიოში დაშრა წყალი. წარმომიდგენია, თევზები რა დღეში იქნებიან. ახლა კომპოტიღა დაგვრჩა.
– მაშინ, კომპოტის წვნიანი უნდა გავაკეთოთ, – არ დაიბნა ფრეკენ სნორკი, – თავისთავად ცხადია.
– არაფერიც არ არის ცხადი! – შეაწყვეტინა ძმამ, – რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს, რატომ შრება წყალი? – თავისივე მოტანილ, ერთ ზომაზე დაჭრილ შეშასთან ჩამოჯდა და ისევ წამოიძახა: – მიზეზი!
– მგონი, კომეტის ბრალი უნდა იყოს, – ივარაუდა სნუსმუმრიკმა.
ყველამ მაღლა აიხედა. თანდათან ბინდდებოდა და ცას მუქი წითელი ფერი გადაჰკვროდა. ტოტებს შორის ერთ მანათობელ ნაპერწკალს ხედავდნენ, რომელიც ვარსკვლავს მოგაგონებდათ. თუმცა, ეს არ იყო ვარსკვლავი, არც ბრწყინავდა და არც კაშკაშებდა – მხოლოდ იწვოდა. თანაც, ადგილიდან არ იძროდა და კუდი უკან მოექცია.
– აი, ისიც! – წამოიძახა სნორკმა.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი