მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #1)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #1)

მუმინების ხეობა ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდით; რას არ ნახავდით აქ: მხიარულ არსებებს, მწვანედ შეფოთლილ გოლიათ ხეებსა თუ ველ-მინდვრების მაცოცხლებელ მდინარეს, რომელიც მუმინების ცისფერ სახლთან უხვევდა და სხვა მხარეებში მიედინებოდა. იქაური არსებები შეჰხაროდნენ მდინარეს, თუმცა კი უკვირდათ, ნეტავ საიდან მოდისო.
– მაინც, რა უცნაურადაა მოწყობილი ეს გზები და მდინარეები, – ხმამაღლა ფიქრობდა სნიფი, – უყურებ, როგორ მიედინებიან და საშინლად გინდება სხვაგან ყოფნა... გინდა, ბოლომდე ჩაუყვე და ნახო, სად დამთავრდება...
როცა სნიფი შინ მივიდა, მუმინტროლი საქანელას კიდებდა.
– გამარჯობა, – მიესალმა სნიფი, – ჩემი საკუთარი ბილიკი ვიპოვე! რომ იცოდე, რა სახიფათო ადგილია!
– სახიფათო? – გაუკვირდა მუმინტროლს.
– სიმართლე გითხრა, შეიძლება, გული გაგისკდეს, – სერიოზულად უთხრა სნიფმა.
– ესე იგი, ბუტერბროდები და კომპოტი უნდა წავიღოთ თან, – დაასკვნა მუმინტროლმა, სამზარეულოს ფანჯარასთან მივიდა და დაიძახა:
– დედა, საგზალი გაგვიმზადე, დღეს ტყეში ვისადილებთ.
– ძალიან კარგი, მშვენიერი აზრია! – მოუწონა დედამ, კალათაში ჯერ ბუტერბროდები ჩააწყო, მერე ერთი მუჭა კარამელის კანფეტი ჩაყარა, ორი ვაშლიც დაუმატა და გუშინდელი ვახშმიდან მორჩენილი ოთხი ნაჭერი ძეხვი და ღუმლის თავზე შემომდგარი კომპოტის ქილაც მიაყოლა.
– შესანიშნავია! აბა, დროებით! – დაემშვიდობა მუმინტროლი, – არ ვიცით, როდის დავბრუნდებით.
– ნახვამდის, – გამოეთხოვა დედა.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი