მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

გამოქვაბულის თაღი ღამურებით იყო სავსე, ათასობით შეჯგუფებულიყვნენ. სინათლემ დააფრთხო ისინი, ასობით წამოიშალნენ და წრიპინით ეცნენ სანთლებს. ტომმა კარგად იცოდა მათი ამბავი, იცოდა, რა საფრთხეც მოელოდათ, ამიტომაც მაშინვე სტაცა ხელი ბეკის და გაიყვანა უახლოეს გასასვლელში. სწორედ დროზე მოასწრეს გასვლა: ერთმა ღამურამ მოუქნია ფრთა ბეკის სანთელს და გაუქრო, როცა ის გამოქვაბულიდან გადიოდა; ღამურები დიდხანს მისდევდნენ უკან, მაგრამ ბავშვები ხან რომელ ტალანს ეცნენ, ხან რომელ გამოქვაბულს და ასე წვალებით, როგორც იყო, თავი დააღწიეს ამ განსაცდელს. ტომმა ახლა მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინა, რომლის ნაპირები არცკი ჩანდა სანთლის შუქზე. ძალიან უნდოდა მისი დათვალიერება, მაგრამ ჯერ დასვენება არჩიეს. უცებ ქვესკნელის სამარისებურმა სიჩუმემ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.

– ტომ, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ რა ხანია, ჩვენების ხმა არ გამიგია, – უთხრა ბეკიმ.

– შენ ხომ იცი, ბეკი, რომ ისინი ზევით არიან. ჩვენ კი ქვესკნელში; არც კი ვიცი, სადა ვართ: ჩრდილოეთით, სამხრეთით თუ აღმოსავლეთით. აქამდე მათი ხმა როგორ ჩამოაღწევს.

– ტომ, შეგიძლია გზა იპოვო? აქ ისეთი მიხვეულ-მოხვეული გასასვლელებია, რომ აღარაფერი გამეგება.

– ადვილად ვიპოვიდი გზას, ღამურები რომ არ ყოფილიყვნენ! თუ მათ ორივე სანთელი ჩაგვიქრეს, აი, ის იქნება საქმე. მოდი, სხვა გზის ძებნა ვცადოთ, იქნებ, იქით აღარ მოგვიხდეს გავლა. 

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი