მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ტომი დანაღვლიანებული დაბრუნდა შინ და მთელი ღამე საშინელ სიზმრებს ხედავდა, მეორე და მესამე დღეს დილიდან საღამომდე სულ სასამართლოს ახლომახლო დაეხეტებოდა, ლამობდა შიგ შესვლას, მაგრამ ძალით იკავებდა თავს. ჰეკსაც იგივე ემართებოდა. ისინი ერთმანეთს ერიდებოდნენ. ორივენი დროულად მოშორდნენ იქაურობას, მაგრამ უხილავი ძალა მათ ისევ უკან აბრუნებდა. როცა ვინმე უსაქმური გამოვიდოდა სასამართლოდან და უამბობდა ხალხს, რაც შიგ ხდებოდა, ტომი ყურდაცქვეტილი უსმენდა თითოეულ სიტყვას, მაგრამ სანუგეშო არაფერი ესმოდა, საწყალი პოტერი თურმე თანდათან უფრო ებმებოდა ქსელში. მეორე საღამოს ქალაქში ყველა იმას ამბობდა, რომ ინდიელი ჯო მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე და ეჭვი აღარ იყო, რომ პოტერს შესაფერ განაჩენს გამოუტანდა სასამართლო.

ტომი ამ საღამოს შინ გვიან დაბრუნდა და როგორც ჩვეულებად ჰქონდა, ფანჯრიდან გადაძვრა. საშინლად იყო აღელვებული და დიდხანს ვერ დაიძინა. სასამართლო დარბაზი გაჭედილი იყო ქალებითა და მამაკაცებით. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მსაჯულებიც გამოჩნდნენ და ყველამ დაიკავა თავისი ადგილი. შემოიყვანეს პოტერიც - გაყვითლებული, გაწამებული, ბორკილგაყრილი. დასვეს ისეთ ადგილას, საიდანაც ყველას კარგად შეეძლო დაენახა. გამოსაჩენ ადგილზე იჯდა ინდიელი ჯოც, სრულიად დამშვიდებული, როგორც ყოველთვის. სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს შემოვიდა მოსამართლეც და შერიფმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა. 

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი