მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #26)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #26)

ბოლო დღეებში მგზავრობა ცოტა გაუადვილდათ. უდაბნო თავდებოდა, ქვიშა ისე ცხელი აღარ იყო, აქა-იქ უკვე ეკლიანი ბუჩქებიც ხვდებოდათ. დროდადრო ხალხიც გამოჩნდებოდა ხოლმე.

მეფე მათიუშს გულით ეწადა, იმ ხალხს გასცნობოდა, გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ნებას არ აძლევდნენ. ეუბნებოდნენ, ისინი უდაბნოს ყაჩაღები არიანო. ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ დაგვესხნენ თავს, რომ ჩვენი ქარავანი დიდია, იმ ყაჩაღებს კი პატარ-პატარა ქარავნებზე თავდასხმა უყვართო.

ბოლოს შორს, შორს ტყე გამოჩნდა და სიგრილეც წამოვიდა. როგორც იქნა, მგზავრობას ბოლო მოეღო. თუმცა, ვინ იცის, ამის შემდეგ რა ელოდათ! ცხელ ქვიშაში სიკვდილს კი გადაურჩნენ, მაგრამ ვაითუ ველური ტომების მსხვერპლნი გამხდარიყვნენ.

კაციჭამიების მეფე და მთელი სამეფო კარი კარგა მანძილზე გამოეგებნენ სტუმრებს. წინ ორკესტრი მოდიოდა, მაგრამ ისე შემზარავად უკრავდა,  სტუმრებს კინაღამ ყურები დაუსკდათ. რას არ ნახავდით ორკესტრში: საყვირის ნაცვლად - რაღაც ბუკსა და სტვირებს, დაფდაფების ნაცვლად - რაღაც ქვაბებს. ყურთასმენა აღარ იყო, თანაც ველურები თვითონაც ისე საშინლად ღრიალებდნენ, უდაბნოს მდუმარების შემდეგ შეიძლებოდა კაცი ჭკუაზე შეშლილიყო.

 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი