მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #19)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #19)

მეფე მათიუშთან უცხო ქვეყნების ელჩები მივიდნენ.
- ჩვენ მოვედით თქვენს მეფურ უდიდებულესობასთან გამოსამშვიდობებლად. ძალიან გვტკივა გული, რომ ომი იწყება. ყველანაირად ვცდილობდით, თავიდან აგვეცდინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ჩვენ იძულებულნი ვართ, თქვენ მეფურ უდიდებულესობას დავუბრუნოთ ორდენები, რადგან წესი არ არის, იმ სახელმწიფოს ორდენები ვატაროთ, ვისთანაც ჩვენს მთავრობას ომი აქვს.
ცერემონმაისტერმა ორდენები ჩაიბარა.
- თქვენს უდიდებულესობას მადლობას მოვახსენებთ სტუმართმოყვარეობისათვის. თქვენი მშვენიერი დედაქალაქიდან დაუვიწყარი და სასიამოვნო მოგონებები მიგვყვება. იმედი გვაქვს, ამ პატარა გაუგებრობას მალე მოეღება ბოლო და ისევ ძველებური გულითადი მეგობრობა შეაკავშირებს ჩვენს ქვეყნებს.
მათიუში ფეხზე წამოდგა და მშვიდად მიუგო:
- გადაეცით თქვენს მთავრობას, რომ გულწრფელად გახარებული ვარ ომის დაწყებით. ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად დაგამარცხოთ და დასაზავებლად იოლი პირობები შემოგთავაზოთ. ასე იქცეოდნენ ჩემი წინაპრები.
ერთ-ერთ ელჩს ოდნავ გაეღიმა. მერე ყველამ მდაბლად დაუკრა თავი. ცერემონმაისტერმა ვერცხლის კვერთხი სამჯერ დაჰკრა იატაკს და გამოაცხადა.
- აუდიენცია დამთავრებულია.
მათიუშ მეფის სიტყვა ყველა გაზეთში დაიბეჭდა და საერთო აღტაცება გამოიწვია. სასახლის წინ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. გვიანობამდე ისმოდა მათი მხიარული ყიჟინა და მისალმებები.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი