მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

 – ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არცთუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:

– ჩამივარდები ერთი ხელში და...

სიტყვა ვერ დაასრულა, დაიხარა და საწოლქვეშ გულმოდგინედ დაუწყო ძებნა ცოცხით რაღაცას, თანაც ცოცხის ყოველ მოსმაზე ჩერდებოდა სულის მოსათქმელად, მაგრამ იქიდან კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.

– საძაგელი ბიჭი! ჩემს დღეში მისი მსგავსი არა მინახავს რა!

მივიდა გაღებულ კართან, შეჩერდა და ბაღში დაუწყო თვალიერება პამიდვრის კვლებსა და ბალახებში. ტომი არსად ჩანდა. მაშინ კი ხმა აიმაღლა და შესძახა:

– ტომ!

ზურგს უკან რაღაცამ გაიფაჩუნა. მიიხედა და პატარა ბიჭს მკლავში სწვდა, როცა ის გაპარვას აპირებდა.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი