მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #11)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #11)

საღამოს მისის დარლინგმა ბავშვები დაბანა და, რადგან ნენას დასვენების დღე ჰქონდა, თვითონ დააწვინა ლოგინში. მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს უმღეროდა... მალე ბავშვებმა დაიძინეს.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ბავშვების ოთახს ლამფის მქრქალი შუქი ეფინებოდა. მისის დარლინგს ხელსაქმე კალათში ედო. ის მაიკლისთვის ქსოვდა პერანგს. მალე რული მოერია და ჩასთვლიმა. ახლა ამ ოთახში სამის ნაცვლად ოთხ ადამიანს ეძინა: ვენდის, მაიკლს, ჯონსა და ბუხრის წინ სავარძელში, მოკალათებულ მისის დარლინგს.
მისის დარლინგმა უცნაური სიზმარი ნახა: თითქოს კუნძული „არაიყორა“ ძლიერ ახლოს მიცურებულიყო მათ სახლთან; მერე პატარა, უცნაური ბიჭუნა, რომელიც კუნძულიდან უნდა ყოფილიყო მოსული, პირდაპირ ბავშვების ოთახში გაჩნდა. მისის დარლინგს არ შეშინებია, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ბიჭი ადრეც ენახა.
სიზმარი, შესაძლოა, უმნიშვნელოდაც მოსჩვენებოდა ადამიანს, რომ არა ის, რაც შემდეგ მოხდა... მისის დარლინგი თვლემდა, ოთახის ფანჯარა ფრიალით გაიღო და იატაკზე პატარა ბიჭუნა დაფრინდა. მას თან უცნაური მანათობელი არსება ახლდა, რომელიც მუშტისოდენა თუ იქნებოდა.
მისის დარლინგმა შიშისგან შეჰკივლა და ფეხზე წამოხტა. დაინახა თუ არა ბიჭუნა, მაშინვე მიხვდა, რომ ის პიტერ პენი იყო.

 

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი