მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #11)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #11)

ეს იყო წარმოსადეგი ჭაბუკი, ჩასხმული და კოხტა, სრულებითაც არ იყო ტლანქი. სწორი და გრძელი ხელ-ფეხი ჰქონდა. ალბათ, ასე ოცდაექვსი წლისა იქნებოდა, ვაჟკაცური და სათნო, მშვენიერი სახისა, სრულებით არაველურული გამომეტყველებით. ნახევარი საათის ძილის, უფრო სწორად, თვლემის შემდეგ გამოიღვიძა და ქვაბულიდან გამოვიდა.

მალე ლაპარაკი დავუწყე და მასაც ვასწავლიდი ლაპარაკს. უპირველეს ყოვლისა, თავისი სახელი - პარასკევა - ვასწავლე: პარასკევს გადავარჩინე სიკვდილს. მერე „ბატონის“ დაძახება ვასწავლე და გავაგებინე, რომ ასე უნდა ეწოდებინა ჩემთვის.

თიხის ქოთანში რძე ჩავუსხი და მივეცი, ოღონდ ჯერ თვითონ მოვხვრიპე და ვაჩვენე, პური როგორ უნდა ჩაეწო შიგ. მერე პური მივეცი, რომ მასაც იგივე გაემეორებინა. მყისვე დამემორჩილა და მანიშნა, ძალიან გემრიელიაო.

ღამე იქ გავატარებინე, ხოლო გათენებისას ვანიშნე, მე გამომყოლოდა, მივახვედრე, რომ ტანსაცმლის მიცემა მსურდა, ეს ძალიან გაუხარდა, რადგან დედიშობილა იყო. უპირველეს ყოვლისა, ჩავაცვი მას გემზე სკივრში ნაპოვნი ტილოს შარვალი, რომელიც ცოტაოდენი გადაკეთების შემდეგ კარგად მოერგო. მერე შევუკერე თხის ტყავის ქურთუკი. კურდღლის ტყავისაგან ქუდი გამოვუჭერი, ძალიან მოხერხებულიც და საკმაოდ კოხტაც.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო