მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #9)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #9)

მოგზაურობის შემდეგ მთელი ერთი კვირა ვისვენებდი. დროის უდიდესი ნაწილი მოვანდომე კარგა ძნელ საქმეს - გალიის გაკეთებას ჩემი თუთიყუში პოლისათვის, რომელიც თანდათან მომეჩვია და დამიმეგობრდა კიდეც. ასევე ვზრუნდავდი საბრალო თიკანზე, რომელიც პატარა ბაკში დავტოვე. გადავწყვიტე, სახლში წამომეყვანა, ან იქ მიმეტანა მისთვის საკვები.

თიკანი იქვე დამიხვდა, ანკი სად წავიდოდა! ოღონდ შიმშილით სიკვდილის პირას მისულიყო. მაშინვე გავიქეცი, ხეებსა და ბუჩქებს ყლორტები შევასხიპე და ეზოში ჩავუყარე. მერე, განუწყვეტლივ რომ ვკვებავდი, ისე შემიყვარა საბრალო არსებამ, რომ სავსებით მოშინაურდა და აღარც მივუტოვებივარ.

30 სექტემბერს კვლავ ვიდღესასწაულე ამ კუნძულზე გამორიყვის მეორე წლისთავი. აქედან თავის დაღწევის იმედი, რაც პირველ დღეს მქონდა, აღარ მომმატებია. ადრე, სანადიროდ ან კუნძულის დასათვალიერებლად რომ გამოვიდოდი, უცებ მომაწვებოდა ხოლმე სევდა. ახლა სულ სხვა ფიქრებს მივეცი თავი. ყოველ ცისმარე დღეს ვკითხულობდი ბიბლიას და ღვთის სიტყვები ასეთ ყოფაშიაც მამშვიდებდნენ. ლოცვანს დღეში სამჯერ მივუბრუნდებოდი ხოლმე.

მთელი საათები მიდიოდა ხელსაწყო-იარაღების უქონლობისა და საქმის არცოდნის გამო. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ არც მშველელი მყავდა ვინმე და საკუთარი ხელების გარდა თითქმის არაფერი გამაჩნდა, მოთმინებითა და მუყაითობით მართლაც რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც უსათუოდ საჭირო იყო.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო