მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #4)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #4)

მათიუშმა სწავლას ისე ბეჯითად მოჰკიდა ხელი, გართობა-თამაში აღარც კი ახსოვდა. გაკვეთილებს კაპიტანი უტარებდა. კაპიტანი შორს ცხოვრობდა და მათიუშმა შესთავაზა, ოჯახიანად სასახლეში გადმობარგებულიყო. კაპიტანს ერთი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავდა. ბიჭს სტასეკი ერქვა, გოგონას - ელენკა. სასახლეში გადმოსვლის შემდეგ სამივენი ერთად მეცადინეობდნენ და ერთადვე თამაშობდნენ. გაკვეთილებზე ფელეკიც მოდიოდა ხოლმე, მაგრამ სწავლა მაინცდამაინც დიდად არ ეხატებოდა გულზე და გაკვეთილებს ხშირად აცდენდა.
ბავშვები სიხარულით მირბოდნენ სამეფო ბაღში. ფელეკის მამა წინათ დურგალი ყოფილიყო, ახლა გაიხსენა ეს თავისი ხელობა და ბავშვებს საქანელა გაუმართა. რით არ ერთობოდნენ გოგო-ბიჭები: ხან ქანაობდნენ, ხან დამალობანას თამაშობდნენ, ხან მეხანძრეები იყვნენ. თუ ბურთაობა მოუნდებოდათ, ბურთაობდნენ, ზოგჯერ კი სამეფო ტბაში ნავით სეირნობდნენ და თევზს იჭერდნენ.
სამეფო ბაღის მებაღე გულშემოყრილი იყო. ბავშვებმა რამდენიმე შუშა რომ ჩაამტვრიეს, მებაღე მაშინ კი სასახლის მმართველობაში მივიდა საჩივლელად, მაგრამ ვინ რას ეტყოდა: მათიუში რეფორმატორი მეფე იყო და ცხოვრებაში საკუთარი ადათ-წესები შემოჰქონდა.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი