მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #11)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #11)

ჯარისკაცებმა კარგად დაისვენეს, მოღონივრდნენ, ჩასხდნენ სანგრებში და დაიწყეს ეგრეთ წოდებული პოზიციური ომი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი და მტრის ჯარისკაცები ერთმანეთს ესროდნენ, მაგრამ, რადგან ყველანი მიწაში ისხდნენ, ტყვიები მაღლა გადაიზუზუნებდა და სადღაც შორს იკარგებოდა.
დროდადრო, როცა ძალიან მოეწყინებოდათ, შეტევაზეც გადადიოდნენ ხან ისინი და ხან ესენი. ამ დროს რამდენიმე კილომეტრით გადაინაცვლებდნენ ხოლმე ან წინ, ან ზურგისკენ.
დანარჩენ დროს ჯარისკაცები სანგრებში დადიოდნენ, მღეროდნენ, ბანქოს თამაშობდნენ. მათიუში კი იჯდა და ბეჯითად მეცადინეობდა. მასწავლებლად პორუჩიკი ჰყავდა. პორუჩიკიც მოწყენილი იყო. დილდილაობით გუშაგებს დააყენებდა, რომ თვალყური ედევნებინათ, მტერი შეტევაზე არ გადმოსულიყო, მერე შტაბში დარეკავდა, ყველაფერი რიგზეაო, და ეს იყო და ეს, მთელ დღეს აღარაფერი საქმე არ ჰქონდა. პატარა მათიუშს სიხარულითაც დასთანხმდა, გამეცადინებო.
მშვენიერზე მშვენიერი გაკვეთილები ჰქონდათ. მათიუში სანგარში იჯდა და გეოგრაფიას სწავლობდა. ცაში ტოროლები გალობდნენ. სროლის ხმა კანტიკუნტად თუ ისმოდა. იყო სიმშვიდე და მყუდროება.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი