მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #2)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #2)

ეს ფერია იყო, პატარა, ჯერ კიდევ მოზარდი - ხელისგულისოდენა. ფერიის სრული სახელი „სპილენძის ზანზალაკი“ იყო, მაგრამ პიტერი ხან „წკრიალას“ ეძახდა, ხან კი, უბრალოდ, „ძინს“. ფერიას ხმელი ფოთლებისგან შეკერილი მოკლე კაბა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა. წკრიალა ბავშვების ოთახში პიტერ პენის ჩრდილს ეძებდა! სანამ ფერია ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს ჩხრეკდა, წვრილ-წვრილი ვარსკვლავების მონაბერმა ქარმა ფანჯარა ფრიალით გააღო და ბავშვების ოთახში პიტერ პენი შემოფრინდა. ეტყობა, მას წკრიალა ხელით ეტარებინა, რადგან ფერიების მტვერში ერთიანად ამოგანგლულიყო.
- წკრიალა! - ჩუმად დაუძახა მას პიტერმა, როცა დარწმუნდა, რომ ბავშვებს ეძინათ, - ძინ, სადა ხარ?
ამ დროს ძინი დოქში იჯდა, ასეთ ჭურჭელში ადრე არასოდეს მჯდარა და, ეტყობა, მოსწონდა იქაურობა.
- ოჰ, ბოლოს და ბოლოს ამოდი და მითხარი, სად წაიღეს ჩემი ჩრდილი?
პასუხად ზარების უნაზესი წკრიალის ხმა გაისმა. იფიქრებდი, ოქროს ზანზალაკები წკრიალებენო. სწორედ ასე საუბრობენ ფერიები, ეს მათი ენაა. ჩვეულებრივი ბავშვები ვერასოდეს შეძლებენ ამ ჯადოსნური ბგერების აღქმას, მაგრამ თუ ბედი გაგიღიმებს და ერთხელ მაინც მოჰკრავ ყურს, აღარასოდეს დაგავიწყდება.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი