მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #8)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #8)

დილიდანვე გადავწყვიტე, აღარ მექურდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ერთ ფინჯან ცხელ ყავას შევექცეოდი, მაგრამ მერე მთელ დღეს ბაზარში უსმელ-უჭმელმა რომ ვიხეტიალე, აზრი შემეცვალა. საღამოს, როცა მთლად ჩამობნელდა და დუქნის პატრონებმა სინათლე აანთეს, შიმშილმა ჩემი სინდისი აიძულა დადუმებულიყო. გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ შემომევლო ბაზარი და უკან ხელცარიელი არ დავბრუნებულიყავი.
ორი წუთის შემდეგ ჯიბეში დიდებული ანანასები მეწყო და დრიურილეინისაკენ გავრბოდი. მაშინ ანანასი ძალიან ძვირად ფასობდა. ყური მოვკარი, ის მედუქნე, ვისაც ანანასები მოვპარე, მყიდველს ეუბნებოდა, „თითო ცალი ნახევარი გინეა ღირს, სერ“, და ნახევარ დუჟინ ანანასზე უთითებდა. რა თქმა უნდა, მე ასეთ ფასს არავინ შემომაძლევდა, მაგრამ მედუქნის სიტყვები რომ არ მომესმინა, ჩემს ანანასს ორ ან დიდი-დიდი ოთხ პენსად შევაფასებდი. ახლა მტკიცედ გადავწყვიტე, ორ შილინგზე ნაკლებად არ დამეთმო. ვიდრე მოხუც ბაჯი სიმონსთან მივიდოდი, რომელიც ჩემგან და ჩემი ამხანაგებისაგან ნაპარავს ყიდულობდა ხოლმე, უკვე ვიცოდი, ამ ათ პენსს რაშიც დავხარჯავდი: ექვსი პენსით ვივახშმებდი, დანარჩენი ოთხი პენსით კი სადმე ღამის სადგომს ვიშოვიდი.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი