მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #7)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #7)

სამზარეულოში ცეცხლი ისევ ენთო, ჭერში მიჭედებულ ლურსმანზე ფარანი ეკიდა. ობობა თავისი პატარა ლეკვის გვერდით მოკუნტულიყო, სემი კი არსად ჩანდა. უიმისოდ არ ვიცოდი, სად ან როგორ დამეძინა. იქაურობა ყურადღებით მოვათვალიერე. უცებ ჩემ ახლოს ვიღაცამ ნამძინარევი ხმით დაიჩურჩულა:
- იცოდე, ვინც ბოლოს წვება, სანთელსაც ის აქრობს.
დაბლა დავიხედე და სემი დავინახე. იგი ჭუჭყიანი ტომრების გროვაზე იწვა. ბალიშის მაგივრად თავქვეშ ორად მოკეცილი ტომარა ედო. გაჭვარტლული ქუდი ყურებზე ისე ჩამოეფხატა, რომ თეთრი კბილებისა და თვალის გარსის მეტი არაფერი უჩანდა.
საოცარია, რა ადვილად ეჩვევა ადამიანი ფუფუნებას!
გუშინწინ ღამით ფურგონზე სიცივისაგან აკანკალებულს ჩემთვის ასეთი თბილი სამზარეულო და ტომრები რომ შემოეთავაზებინათ, თუნდაც შვიდი ან რვა მილი მქონოდა გასავლელი, სიხარულით დავთანხმდებოდი. მაგრამ ახლა, მისის უინკშიპთან რბილ დივანზე წოლის შემდეგ, სემის ჭუჭყიან ლოგინს ზიზღით შევხედე.
 

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი