მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #4)

ოჰ, მოხერხებულობა დიდი რამეა! მახსოვს, ერთი გასროლით ერთხელ შვიდი კაკაბი მოვკალი. მას შემდეგ ჩემი მტრებიც კი აღიარებდნენ, მთელ ქვეყანაზე საუკეთესო მსროლელია, მიუნჰაუზენის მსგავსი მსროლელი ჯერ არავის ახსოვსო.

აბა, მისმინეთ!

ნადირობიდან ვბრუნდებოდი. საფანტი შემომეხარჯა. უცებ ბალახში კაკბებმა შეიფრთხიალეს. ვერც კი წარმომედგინა ასეთი გემრიელი საკბილოს ხელიდან გაშვება!

გავტენე თოფი. როგორ ფიქრობთ, რით? ზუმბით! დიახ! ჩვეულებრივი ზუმბით, ე. ი. რკინის ჯოხით, რომლითაც თოფს წმენდენ. მივვარდი, კაკბები დავაფრთხე და ვესროლე.

ჩემმა გასროლილმა ზუმბამ ყველას გაუარა და შვიდივე კაკაბი ჩემს ფეხებთან დაეცა.

ავიღე და მეტისმეტად გავოცდი, კაკბები შემწვარი იყო! ნამდვილად შემწვარი!

თუმცა, რა გასაკვირია, გასროლისას ზუმბა ისე გაცხელდა, ზედ წამოგებული კაკბები როგორ არ შეიწვებოდნენ!

დავჯექი იქვე, მწვანეზე, და კარგა მადიანად ვისადილე.

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე