მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #2)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #2)

ლონდონში კარგ ხალხში მოვხვდი. გავიცანი ერთი გემის კაპიტანი, რომელსაც გვინეის სანაპიროები მოევლო და ისეთ ბედსა სწეოდა, რომ ხელმეორედ გამგზავრებას აპირებდა. როცა გაიგო, მოგზაურობას ვაპირებდი, შემომთავაზა: თუ გამომყვები სამოგზაუროდ, არც არაფერი დაგვეხარჯება და ჩემი მეგობარი გახდები, ხოლო თუ რამეს წამოიღებ სავაჭროდ, იქნებ გაგიმართლოს და მთელი მოგება შენი იქნებაო.

მე დავეთანხმე და, რაკი პატიოსანი და უბრალო ადამიანი იყო, დავუმეგობრდი კიდეც. მისივე რჩევით, ვიყიდე უბრალო ჟღარუნა სათამაშოები და ხარახურა იქ გასაყიდად. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთადერთი მოგზაურობა, როდესაც ბედს ვეწიე.

ჩემს ხარახურაში აღებული ოქრო ლონდონში დაბრუნების შემდეგ ფულად ვაქციე და მივიღე სამასამდე გირვანქა სტერლინგი. ამ მოგებამ ისეთი გაბედული ფიქრები შთამბერა, რომელთაც საბოლოოდ დაღუპვის კარამდე მიმიყვანეს. თუმცა ამ მოგზაურობის დროსაც კარგა დიდი გასაჭირი დამადგა - უჩვეულოდ ცხელმა ჰავამ საშინელი ტროპიკული ციებ-ცხელება შემყარა და დიდხანს არ გამოვჯანმრთელებულვარ.

ამრიგად, მე გავხდი გვინეელი ვაჭარი. საუბედუროდ, ჩემი მეგობარი კაპიტანი ლონდონში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა და გადავწყვიტე, მარტო გავმგზავრებულიყავი გვინეაში.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო