მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #4)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #4)

საუზმის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, მარტა მარტო რომ მოვიდა, მისტერ ბელჩერს იმ დღეს ბევრი სამუშაო გამოსჩენოდა და საღამოს თავისივე ცხენებშებმული ეტლით აპირებდა მობრძანებას. ცხენისა და ეტლის ხსენებამ, ცოტა არ იყოს, დამამშვიდა. ესე იგი, მისტერ ბელჩერი ისეთი ღარიბი არ ყოფილა, როგორც მისტერ პაიკია-მეთქი.
სიფრთხილის გამო მთელი დღე გარეთ არ გამომიხედავს. შებინდებულზე თვით მისტერ ბელჩერიც მოვიდა. იგი საკვამურების მწმენდელს სრულებით არ ჰგავდა. შავი კი არა, თეთრი კაცი იყო. ყავისფერი პალტო ეცვა და თავზეც შლაპა მოხდენილად ეხურა. უფერული, ნაყვავილარი იყო. ჩაყვითლებული ზედა კბილები წინ ისე გამოშვეროდა, რომ ტუჩიც ვერ უფარავდა. საერთოდ, თვალში არ მომივიდა. მარტას არ ეთქვა, რისთვის იბარებდა მისის უინკშიპი, და, რომ გაიგო, აშკარად შევატყვე, დიდად არც ესიამოვნა.
- რამდენი წლისაა ეს ბიჭი? - იკითხა და შემათვალიერა.
- ცხრისა, მეათეში გადავიდა. ძალიან პატარა ხომ არ არის?
-პირიქით, დიდიცაა. ჩვენი ხელობის შესწავლა მაშინ უფრო უკეთესია, როცა ძვლები მოქნილია. თანაც როგორი სუფთა ბიჭია, საკვამურის მწმენდელად ცოდოა.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი