მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #12)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #12)

მათიუში ნიჭიერი ბიჭი იყო, საკმაოდ დიდი ნებისყოფაც ჰქონდა: რაკი თქვა, ერთ თვეში ფელეკს წერილს მივწერო, იმდენი წერა და წერა, ერთი თვის მერე მართლაც სხვის დაუხმარებლად მისწერა წერილი.
 
„ძვირფასო ფელეკ, - სწერდა მათიუში, - დიდი ხანია, თვალს გადევნებთ, რა მხიარულად თამაშობთ ეზოში. მეც მინდა თქვენთან თამაში, მაგრამ მე მეფე ვარ და ამის უფლება არა მაქვს. შენ ძალიან მომწონხარ, ფელეკ. მომწერე, ვინა ხარ, მინდა გიცნობდე. თუ მამაშენი სამხედროა, იქნებ ხანდახან სამეფო ბაღში გამოგიშვას ხოლმე.
მათიუში. მეფე“.
 
გული ჩიტივით უფრთხიალებდა, როცა ფელეკი მესერთან მოიხმო და თავისი წერილი გადასცა.
 
მეორე დღესაც გული მთლიანად ამოვარდნაზე ჰქონდა, პასუხი ამგვარადვე რომ მიიღო.
 
„მეფეო, - სწერდა ფელეკი, - მამაჩემი სამხედრო გახლავთ, სასახლის დაცვის ოცეულის მეთაურია. მე ძალიან მინდა სამეფო ბაღში შემოსვლა. მეფეო, მიგულე შენს ერთგულად. მზად ვარ, შენი გულისთვის ცეცხლსა და წყალში გადავვარდე და სისხლის უკანასკნელი წვეთიც შენ შემოგწირო. როგორც კი ჩემი დახმარება დაგჭირდეს, რა დროც უნდა იყოს, მარტო დაუსტვინე... პირველსავე დასტვენაზე შენთან ვიქნები.
ფელეკი“.
 
მათიუშმა წერილი ყუთში ჩადო, ზემოდან წიგნები დააწყო და მაშინვე სტვენის სწავლა დაიწყო. 
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი