მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #3)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #3)

ერთხელ სეირნობისას მათიუშს ასეთი ამბავი გადახდა თავს: გოგონები და მათიუში ისევ წრეობანას თამაშობდნენ. უცბად მათთან რამდენიმე ბიჭი მივიდა. ერთმა დაიყვირა:
- უყურეთ, უყურეთ, ბიჭი გოგოებთან თამაშობს!
ყველამ სიცილი ატეხა.
მათიუშ მეფემ მაშინღა შეამჩნია, რომ მართლა მარტო თვითონ თამაშობდა გოგონებთან.
- არ გირჩევნია, ჩვენთან ითამაშო? - წამოდი, - უთხრა ვიღაც ბიჭმა.
მათიუშმა შეხედა.
ეს იყო ფელეკი. სწორედ ის ფელეკი, ვის გაცნობასაც ასე ნატრობდა.
ახლა ფელეკმა შეხედა ცნობისმოყვარეობით და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა იყვირა:
- ჰეი, ბიჭებო, უყურეთ, როგორ ჰგავს მათიუშ მეფეს!
ყველანი მათიუშს მიაჩერდნენ. მათიუშს შერცხვა და მაშინვე თავის მხლებელთან გაიქცა, მაგრამ სიჩქარისა თუ სირცხვილისაგან გზაში წაიქცა და მუხლი გადაიტყავა.
 
მინისტრთა საბჭოს პირველსავე სხდომაზე გადაწყდა, რომ მეფისთვის ბაღში გასეირნების უფლება აღარ მიეცათ.
 
ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მეფე მოისურვებს, მაგრამ ჩვეულებრივ ბაღში გასვლის უფლებას კი ვერ მივცემთო; იმ ბაღში უზრდელი ბავშვები დადიან, მეფეს ხელსა კრავენ, დასცინიან, მინისტრთა საბჭო კი ვერ მოითმენს, რომ მეფეს დასცინოდნენ, რამეთუ მეფურ ღირსებას ეს არ ეკადრებაო.
 
მათიუში ძლიერ დაღონდა, მაგრამ რას იზამდა, იჯდა და ბაღში მხიარულად გატარებულ დროს იხსენებდა. 
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი