მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #2)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #2)

მათიუშ მეფემ ორჯერ შემოუარა ბაღს და ნებართვა ითხოვა, იმ მოედანზე დამჯდარიყო, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. დაჯდა თუ არა, მაშინვე ერთი გოგონა მივიდა და ჰკითხა:
- წრეობანას თამაში არ გინდა?
ჩაჰკიდა ხელი და დაიწყეს თამაში.
გოგონები ათასნაირ სიმღერას მღეროდნენ და წრეში ტრიალებდნენ. ახალი თამაშის დაწყების წინ კი გოგონამ ისევ გაუბა საუბარი.
- და გყავს?
- არა.
- მამაშენი ვინ არის?
- მამა მომიკვდა. მეფე იყო.
გოგონას, ალბათ ეგონა, მეხუმრებაო, და სიცილით უთხრა:
- მამაჩემი რომ მეფე იყოს, იმხელა თოჯინას მიყიდდა, ჭერს მისწვდებოდა.
მეფე მათიუშმა ამ ლაპარაკში  გაიგო, რომ გოგონას ირენკა ერქვა, მამამისი სახანძრო დაცვის კაპიტანი იყო და გოგონას ძალიან უყვარდა მეხანძრეები. თურმე მეხანძრეები ხანდახან ცხენით ასეირნებდნენ.
მათიუში კიდევ სიამოვნებით დარჩებოდა ბაღში, მაგრამ მისი სეირნობის დრო მთავრდებოდა ოთხ საათზე, ოც წუთსა და ორმოცდასამ წამზე.
მეორედ გასეირნებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ სწორედ იმ დღეს ძალიან წვიმდა, უფროსებს კი შეეშინდათ, მათიუში ავად არ გახდესო, და გარეთ ცხვირიც არ გააყოფინეს.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი