მეექვსე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #20)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

მითები და ლეგენდები (ნაწყვეტი #20)

პარისის მიერ ულამაზესად აღიარებულმა აფროდიტემ პირობა შეასრულა და გმირს მშვენიერი ელენე მოატაცებინა.

ელენეს ქმარი, არანაკლები გმირი, მენელაოსი, განარისხა პარისის კადნიერებამ. მან ქუდზე კაცი დაიბარა ელენეს გამოსახსნელად.

ვინც კი საბერძნეთში გმირად იწოდებოდა, ყველა გამოცხადდა. მათ შორის იყვნენ აქილევსი, ოდისევსი...

ათ წელიწადს იდგა ტროას კედლებთან ამდენი უძლეველი გმირი და თავდაუზოგავად იბრძოდა, მათ ფარ-შუბებს ლაპლაპი გაუდიოდა, მაგრამ რად გინდა - ტროას ვერაფერი დააკლეს და გაჩენის დღეს იწყევლიდნენ.

უეცრად ოდისევსს გონება გაუნათდა.

- მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ! - შესძახა მან.

... ერთ დილას ტროელებმა საგუშაგოდან გაიხედეს და თვალებს არ დაუჯერეს: ბერძნებს გუდა-ნაბადი აეკრათ, ცარიელ სანაპიროზე კი მხოლოდ ხის უზარმაზარი ცხენი იდგა.

- ვაშაა! გავიმარჯვეთ! - აყვირდნენ ტროელები, - ომი დამთავრდა და თვალსხივოსანმა ათენამ ამის აღსანიშნავად ხის ცხენი გამოგვიგზავნა! დიდება ნათელ ღმერთებს! - ცას სწვდებოდა მათი შეძახილები.

ტროელებმა ცხენი ქალქში შეაგორეს და ძალიანაც შეცდნენ.

ღამით, როცა გამარჯვების ზეიმით დაღლილ-დაქანცული ტროელები ღრმა ძილს მიეცნენ, ხის ცხენიდან რჩეული მეომრები გადმოვიდნენ.

- ჭრრრ! - ოდნავ გაიჭრიალა საიდუმლო კარმა.

ბერძნებმა გუშაგები ელვის უსწრაფესად დახოცეს და ქალაქის კარიბჭეც თვალის დახამხამებაში გააღეს.

კარღია ქალაქის აღებას კი რაღა უნდოდა?! შეიჭრნენ ბერძნები ტროაში, ქალაქი მიწასთან გაასწორეს, ტყვეები წამოსხეს და ნადავლი წამოიღეს.

ასე დაეცა აუღებელი ციხე-ქალაქი და ასე დარჩა გამოთქმა „ტროას ცხენი“.

ტროას ცხენი შემომიგორესო, მაშინ ამბობენ, როცა კარგს ელი და ცუდი მოდის ან როცა საჩუქარი გგონია და მტრის ხაფანგს გადაეყრები; მაშინაც, როცა შენივე დაუფიქრებლობის მსხვერპლი ხდები; რაც ხელს გაძლევს, იმას რომ იჯერებ, სიმართლეზე კი თვალს ხუჭავ.

კიდევ ერთი გამონათქვამი შემოგვრჩა იმ დროიდან. ტროელები ბერძნებს დანაელებს ეძახდნენ. ალბათ ხვდები, რატომ უნდა გეშინოდეს დანაელთა ძღვენის.

 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: