მეექვსე საფეხური
» საოცრება (ნაწყვეტი #1)
00:00:00
ტესტი
0
ვაშლები
ქულა
0
მაჩვენე ტექსტი

საოცრება (ნაწყვეტი #1)

ვიცი, რომ ჩვეულებრივი ათი წლის ბავშვი არა ვარ. არა, ისე სხვა ბავშვებივით ვიქცევი: ნაყინს ვჭამ, ველოსიპედით დავდივარ, ვბურთაობ, იქს ბოქსი მაქვს. როგორც სხვებს ყველაფერი ისეა და თავიც ამიტომ შინაგანად ჩვეულებრივი მგონია. მაგრამ ჩვეულებრივი ბავშვის დანახვაზე სხვა ბავშვები არ გარბიან. ჩვეულებრივ ბავშვს თვალებგადმოკარკლული არავინ აშტერდება.

ჯადოსნური ლამპარი რომ მეპოვა და მხოლოდ ერთი სურვილის ასრულების შესაძლებლობა მქონოდა, ჩვეულებრივ სახეს ვინატრებდი. ისეთს, არავინ რომ არ მიაქცევდა ყურადღებას ან თვალს არ აარიდებდა. თუმცა ერთ რამეს კიდევ ვიტყვი: მე მგონი, თუ ჩვეულებრივი არა ვარ, მარტო იმიტომ, რომ სხვებს არ ვგონივარ ჩვეულებრივი.

ისე კი, მგონი, მივეჩვიე ჩემს გარეგნობას. თავის მოკატუნებასაც მივეჩვიე – ვითომ ვერ ვამჩნევ, როგორ ეცვლებათ სახე ჩემს დანახვაზე. თავის მოკატუნებას ყველანი მშვენივრად მივეჩვიეთ – მეც, დედაც, მამაც და ვიაც. თუმცა, არა, ვიას მაინცდამაინც არ გამოუდის. როცა ვინმე უხეშად იქცევა, ისე ბრაზობს შენი მოწონებული. აი, მაგალითად, საქანელებზე ვიყავით და ვიღაც უფროსმა ბავშვებმა დაცინვა დამიწყეს. რაებს მეძახდნენ, კარგად არც ვიცი, ვერ გავარჩიე, სამაგიეროდ ვიამ გაიგონა და ისე დაუცაცხანა, რომ!.. აი, ასეთია ვია. მე სხვანაირი ვარ.

არც ვიას ვგონივარ ჩვეულებრივი ბავშვი. ამბობს, როგორ არ მგონიხარო, მაგრამ ასე რომ იყოს, ყველასა და ყველაფრისგან დაცვას ხომ არ დამიწყებდა. არც დედას და მამას ვგონივარ ჩვეულებრივი. იმათთვის არაჩვეულებრივი ვარ. მთელ ქვეყანაზე, მგონი, ერთადერთი ადამიანი ხვდება, რა ჩვეულებრივიცა ვარ: მე თვითონ.

ისე, სახელად ავგუსტი მქვია. როგორი შესახედავი ვარ, არ ვიტყვი. ყველა ვარიანტში, იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ.

იმ კვირაში სწავლა იწყება. მეხუთეკლასელი ვარ. აქამდე ნამდვილ სკოლაში არ მივლია და ახლა შიშით სული კოჭებში მეპარება. ბევრს ჰგონია, სკოლაში ამ ჩემი სახის გამო არ დავდიოდი, მაგრამ არა. იმიტომ არ დავდიოდი, რომ ოპერაციებს მიკეთებდნენ.

სწავლით შინ ვსწავლობ, დედა მამეცადინებს. წინათ საბავშვო წიგნების ილუსტრატორი იყო. ისე, ფერიებს და სირინოზებს მართლა მაგრად ხატავს, ბიჭისთვის საინტერესო და მოსაწონი ნახატები კი მაინცდამაინც კარგად არ გამოუდის.

რომ გითხრათ, სკოლაში სიარული ყოველთვის მინდოდა–მეთქი, მართალი არ ვიქნები. არა, ნდომით როგორ არ მინდოდა, ოღონდ იმ პირობით, თუ სხვა ბავშვებისნაირი ვიქნებოდი, ბლომად მეგობრები მეყოლებოდა, გაკვეთილების შემდეგ ვისეირნებდით და ასე შემდეგ.

 

 

 

საოცრება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რ.ჯ. პალაციო