მეშვიდე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #49)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #49)

საბერძნეთი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვებს შორის გადაჭიმული მთებისა და ასობით კუნძულისაგან შედგება. ადრეული ბერძნული დასახლებები წარმოადგენდა მცირე გაერთიანებებს, ქალაქ-სახელმწიფოებს, რომლებიც ერთმანეთს ტერიტორიებისა და ძალაუფლებისთვის ებრძოდნენ. თითოეული მათგანი  დამოუკიდებელი და თვითმყოფადი იყო. მოქალაქეები კი თავიანთ სამშობლოსა და მფარველ ღმერთს ერთგულად იცავდნენ. ძველმა ბერძნებმა შექმნეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია. საფუძველი ჩაუყარეს ლიტერატურის, ფილოსოფიის, სპორტის, თეატრისა და პოლიტიკის განვითარებას. ბერძნულმა ცივილიზაციამ განვითარების მწვერვალს ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში ქალაქ ათენში მიაღწია.

ათენი  ძველი საბერძნეთის ყველაზე ძლევამოსილი ქალაქ-სახელმწიფო ამავე დროს კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრიც იყო. მის მფარველად ომისა და სიბრძნის ქალღმერთი ათენა მიიჩნეოდა. ძვ.წ. 480 წელს ათენი სპარსელებმა აიღეს და მისი მთავარი ციხე-სიმაგრე აკროპოლისი დაანგრიეს. საბოლოოდ ბერძნებმა სპარსელები დაამარცხეს და პერიკლემ, ათენელთა თავკაცმა, ქალაქის აღდგენა დაიწყო. ათენელები აკროპოლისის ქვემოთ ცხოვრობდნენ. სავაჭრო მოედნის (აგორას) ირგვლივ ბევრი მშვენიერი ნაგებობა აღმოჩნდა. ადრე აკროპოლისი კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე იყო, მოგვიანებით კი ათენის წმინდა ადგილად იქცა.

ძვ. წ. მე-4 საუკუნეში მეფე ფილიპე მეორემ მაკედონია საბერძნეთის ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ აქცია. ძვ.წ. 337 წელს, ფილიპეს სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი 20 წლის ვაჟიშვილი ალექსანდრე. მან მთელი საბერძნეთი დაიმორჩილა და შემდეგ თავისი ძლევამოსილი ჯარით სპარსეთის, მცირე აზიის, ეგვიპტის, ბაბილონის, ავღანეთისა და ინდოეთისაკენ გაემართა. ალექსანდრეს მყარი იმპერიის დაარსება უნდოდა. მან დააარსა ქალაქები და ბერძნული კულტურა ფართოდ გაავრცელა. ალექსანდრეს დაპყრობები ინდოეთში დასრულდა, რადგან დასუსტებულ ჯარს ლაშქრობების გაგრძელება აღარ შეეძლო. ალექსანდრე მაკედონელი განთქმული მეომარი იყო. აღსანიშნავია, რომ ჭაბუკ ალექსანდრეს ლაშქრობებში დაჰქონდა ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“. ცნობილია, მისი ცხენის, ბუცეფალის უცნაური ამბავიც. ეს ცხენი ალექსანდრეს 12 წლის ასაკიდან ჰყავდა. ამ ცხენის გახედნა ვერავინ შეძლო. ალექსანდრე კი მიხვდა, რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა, ამიტომ თავი მზისკენ მოუტრიალა და ასე დაიმორჩილა. ძვ.წ. 323 წელს, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, იმპერია დაიშალა.

ადრეულ ხანაში საბერძნეთს მდიდარი მემამულეები, ტირანები მართავდნენ. მათი ძალაუფლება შეცვალა მმართველობის ახალმა ფორმამ, დემოკრატიამ, რომელიც ათენში წარმოიშვა. პოლიტიკოსები იკრიბებოდნენ გორაკზე, რომელსაც პნიქსს უწოდებდნენ. იქ მოქალაქეებს სიტყვით გამოსვლა და ხმის მიცემა შეეძლოთ. შეკრებებს სულ ცოტა 6000 ადამიანი ესწრებოდა ხოლმე. ასევე არსებობდა 500 კაციანი უმაღლესი კონსილიუმი. ქალაქის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებებს სამხედრო მეთაურები იღებდნენ. მათ სტრატეგოსებს უწოდებდნენ და ყოველწლიურად ირჩევდნენ. ათენის პოლიტიკოსს პერიკლეს ყოველწლიურად ირჩევდნენ სტრატეგოსად.

ბევრ თანამედროვე მთავრობას ათენის დემოკრატიული სისტემა უდევს საფუძვლად. თუმცა ათენში მხოლოდ თავისუფალ მოქალაქე მამაკაცებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება.

 

 

 

 

 

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: