მეშვიდე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #35)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #35)

ხერხემლიანი ცხოველები ერთი დიდი ჯგუფია, რომელშიც ერთიანდებიან ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, თევზები, ამფიბიები. ხერხემლიანებს ისეთ ცხოველებს უწოდებენ, რომლებსაც ზურგის შუაში, მთელ გაყოლებაზე, ძვლების ერთგვარი ჯაჭვი ანუ ხერხემალი აქვთ. ხერხემლის შემადგენელ ძვლებს მალები ჰქვია. თევზები, ამფიბიები და ქვეწარმავლები ცივსისხლიანი ხერხემლიანები არიან. მათ სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება არ შეუძლიათ და გარემოზე არიან მინდობილნი, რომ გათბნენ.

ამფიბიები ხმელეთის პირველი ხერხემლიანები იყვნენ. სწორედ ისინი მიიჩნევიან ყველა ოთხფეხა ცხოველის წინაპრად (მათ შორის, ფრთებიანი ფრინველებისაც). ამფიბიები სიცოცხლის ნაწილს წყალში ატარებენ, ნაწილს კი - ხმელეთზე. ისინი გუბეში დადებული კვერცხებიდან იჩეკებიან, თევზებივით ლაყუჩებით სუნთქავენ და ფარფლებით დაცურავენ. ზრდასთან ერთად, ამფიბიებს ფეხები და ფილტვები უვითარდებათ და ხმელეთზე ამოდიან. ზოგი სახეობა წყალშიც ცხოვრობს და ხმელეთზეც.

რეპტილიები პირველი ხერხემლიანები იყვნენ, რომლებსაც წყლიდან მოშორებით ცხოვრება შეძლეს. მათ სხეულს გამოშრობისგან წყალგაუმტარი ქერცლი იცავს, კვერცხებს კი მაგარი ნაჭუჭი ფარავს. რეპტილიები ცივსისხლიანები არიან და ორგანიზმის ტემპერატურას ვერ აკონტროლებენ. ამოტომაც მათი უმრავლესობა დედამიწის თბილ რეგიონებში ბინადრობს და უმეტეს დროს მზის გულზე ატარებს.

თბილსისხლიანი ხერხემლიანები

ფრინველები და ძუძუმწოვრები თბილსისხლიანი არსებები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ სხეულის ტემპერატურა არეგულირონ. ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ სითბოს კანქვეშა ცხიმის, ბალნისა თუ ბუმბულის საშუალებით. ძლიერ სიცხეში კი ოფლის გამოყოფით გრილდებიან. შესაბამისად, ასეთი ცხოველები კარგად ეგუებიან ნებისმიერ გარემოს. ფრინველების ბუმბულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს: შიდა ფუმფულა ღინღლი საბნის როლს ასრულებს, ჰაერს აკავებს და ათბობს; გრძელი, მტკიცე და ძალიან მსუბუქი ბუმბული ფრენისთვისაა მოსახერხებელი; ფერადი გარე ბუმბული კი კამუფლაჟის როლს ასრულებს (მეწყვილეს იზიდავს). ძუძუმწოვრები ბალანს ზოგჯერ  დაცვისთვის იყენებენ. მაგალითად, მაჩვზღარბას დამცავი ეკლები სინამდვილეში ძალიან სქელი თმაა. როცა საფრთხეს გრძნობს, მაჩვზღარბა ეკლებს წამომართავს, რათა უფრო დიდი გამოჩნდეს და მტაცებელი მის ბასრ წვეტებს შეიძლება წამოეგოს. ზოგ ცხოველს, მაგალითად, ციყვებს ბალანი სხვებთან ურთიერთობისთვის სჭირდება. ისინი ერთმანეთს ბუთქუნა კუდების გახახუნებით გადასცემენ სიგნალს.

ძუძუმწოვართა ჯგუფი მრავალფეროვანია. მათი უმრავლესობა ცოცხლად შობს ნაშიერს. ზოგიერთ ძუძუმწოვარს წყალში ყოფნა ურჩევნია. მაგალითად, ზღვის ლომები დიდ დროს ხმელეთზე ატარებენ, მაგრამ ვეშაპისნაირები (ვეშაპები და დელფინები) ნაპირზე არასოდეს ამოდიან. მათ წინა კიდურების ნაცვლად ფარფლები აქვთ. უკანა ფეხები კი საერთოდ არ გააჩნიათ. ვეშაპისნაირებს მიეკუთვნებიან მკვლელი ვეშაპები, დელფინები და დღეისათვის დედამიწის უდიდესი ცხოველი - ლურჯი დელფინი.

 

 

 

 

                     

 

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: