მეშვიდე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

მოთხრობები (ნაწყვეტი #4)

ორთქმავლის კივილი ქვევიდან მოგვესმა.

- მგონი, მივასწრებთ, - ვუთხარი ლელას, - სადგური ახლოს უნდა იყოს.

მოვიხსენი თხილამურები და ლელასაც მოვხსენი. ორი წყვილი თხილამური მხარზე გავიდე და ლიანდაგს ქვევით გავყევი. ლელა კოჭლობით მომდევდა, უკვე ბნელოდა და ლელასაც ვაჩქარებდი, მინდოდა მატარებლისთვის მიმესწრო სადგურში.

ლელა მეხვეწებოდა, - ნელა იარეო. მე იმის შიშით, რომ ღამე გარეთ არ დავრჩენილიყავით, თითქმის გავრბოდი. მხარზე გადადებული თხილამურების ლითონის სამაგრები ხანდახან სახეზე მომედებოდა და ისე ამიწვავდა, თითქოს ცხელი შანთით მდაღავენო.

- მოიცადე, - მეძახდა უკან დარჩენილი ლელა, - აღარ შემიძლია.

ჩემი აზრით, მოცდა აღარ შეიძლებოდა. გაბრაზებული ვუყვიროდი და ისიც მორჩილად მომყვებოდა კოჭლობით.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ მესმოდა:

- შევისვენოთ, სული მოვითქვათ.

- სულ ცოტაღა დაგვრჩა. არ გესმის მატარებლის ქშენა?

- რანაირი ყოფილხარ!

- ხომ ხედავ, როგორიცა ვარ, გამოადგი ფეხი!

- შენ წადი, თუ გინდა, მე აღარ მოვდივარ.

- აქ აპირებ დარჩენას?

- ჰო, აქ ვაპირებ.

- გამოადგი ფეხი!

- არ წამოვალ, არ წამოვალ! .. აქ დავჯდები ლიანდაგზე და არ წამოვალ! .. გაიგე, არ შემიძლია!

ლელა მაინც მომყვებოდა. ეცემოდა, დგებოდა, ისევ მომდევდა. მე წინ მივიწევდი ღამეში. ლიანდაგები ელავდნენ და ამ ცივ ელვას მივყვებოდი ბრმად: ხანდახან ვყოვნდებოდი და უკან დარჩენილ ლელას ველოდებოდი, ხან ვუყვიროდი, ხან ვამხნევებდი. მე ჩემი თავი ნებისყოფიან კაცად მიმაჩნდა და მინდოდა, ამ იარაღით მემოქმედა უკან კოჭლობით მომავალ, მოწუწუნე ადამიანზე.

ლელა ატირდა, ამიჯანყდა. მის ტირილზე გული მომივიდა. ნერვები დამეწეწა. ისევ ვუყვირე, კი არ ვუყვირე, ვუბრძანე, - ტირილი შეეწყვიტა. ლელა გაჩუმდა, ტირილი შეწყვიტა...

მოდიოდა, ეცემოდა, დგებოდა და ისევ მოდიოდა...

... ბოლოს გამოჩნდა სადგური და მე შვებით ამოვისუნთქე, სიხარულის ყიჟინა აღმომხდა:

- აგერ, სადგური!

მატარებელი ბაქანს მისდგომოდა, ორთქლმავალი ქშინავდა და მილიდან ბოლთან ერთად ნაპერწკლებს ისროდა.

უხმოდ შევვარდი სადგურის შენობაში. იქ თბილოდა, ღუმელი ყრუდ ბუბუნებდა. გახურებული და გაოფლილი ვიყავი, მაგრამ ის სითბო მაინც მეამა და სიამოვნებისაგან შევიშმუშნე. ბაკურიანამდე ორი ბილეთი ვიყიდე და ერთ წამში გავჩნდი ვაგონის კიბესთან, სადაც დაღლილი და გაწამებული ლელა მელოდებოდა.

ერთ-ერთ ვაგონში ჩვენს ამხანაგებს მივაგენით და იქვე კუპეში მოვთავსდით. მე ვუსაყვედურე ბიჭებს შუა გზაზე ჩვენი მიტოვება, მათ გაიღიმეს და არაფერი მიპასუხეს. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ იღიმებოდნენ საეჭვოდ და ალმაცერად რატომ უმზერდნენ თოვლით გაგანგლულ ლელას. მეორე ქალიშვილი, რომლის სახელი ახლა აღარ მაგონდება, გაბუტულივით იჯდა განზე და ლელასკენ არც იხედებოდა. მე გახარებული ვიყავი, რომ მოვასწარით მატარებელში ჩასხდომა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

 

 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური