მეშვიდე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

მოთხრობები (ნაწყვეტი #3)

უკნიდან ძახილი გავიგონე, მივიხედე და შევჩერდი, მეექვსე წაქცეულიყო და ხელს მიქნევდა. მე აღარ მახსოვდა, ვინ იყო მეექვსე. ბინდბუნდში ვხედავდი, შავ, მოძრავ ლაქას, რომელიც წამოდგომას ლამობდა. ხმაზე მივხვდი, ერთ-ერთი ქალიშვილთაგანი იყო, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას. ვალდებული ვიყავი, მივშველებოდი.

როგორც იყო, მივტრიალდი, თხილამურები აჩხა-ბაჩხად გამექცა. კინაღამ წავიქეცი. მერმე კვალში ჩავდექი და სწრაფად მივსრიალდი. წაქცეული ლელა აღმოჩნდა, უნივერსიტეტელი ქალიშვილი, რომელსაც შორიდან ვიცნობდი. იგი მუდამ კეთილად მესალმებოდა და მე სულ ვცდილობდი, მასთან დაახლოებას, თუმცა ვერ მივმხვდარიყავი, მაინც რით მხიბლავდა ეს შავგვრემანი, კაფანდარა ქალიშვილი.

- მე მეგონა, წინ იყავი, აქ როგორ გაჩნდი? - გავოცდი.

ლელა უხერხულად ეგდო თოვლზე. თხილამურიანი ფეხები ერთმანეთში გადახლართვოდა. ცდილობდა, ხელით დაყრდნობოდა თოვლს და წამომდგარიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა – მკლავი მთლიანად ეფლობოდა თოვლში.

ლელა იღიმებოდა, თუმცა შევატყვე, ღიმილი სიმწრისა იყო. გაჭირვებით წამოვაყენე, სათხილამურო კოსტუმს ხელთათმნით მოვაშორე მიკრული თოვლი. ქალიშვილი ბილიკზე დავაყენე და ჩემს წინ გავუშვი. დაიძრა თუ არა, მაშინვე ჩაიმუხლა, კოჭზე იტაცა ხელი და სახე ტკივილისაგან დაემანჭა.

ფეხსაცმელი თხილამურისთვის არ მომიშორებია, ისე გავხადე. წინდაც გავაძრე. ფეხი ჯერ გავუზიდე, მერმე დავუზილე. საწყალი გოგო ტკივილისაგან ყვიროდა, ფეხის წართმევას ცდილობდა. ისევ ჩავაცვი წინდა, ჩავადგმევინე ფეხი ფეხსაცმელში და თასმები შევუკარი ...

ფრთხილად დავეშვით ქვევით. ასე ერთხანს ვიარეთ უხმოდ, ჯერ მეგონა, წინ წასულებს დავეწეოდით, მაგრამ როდესაც მივედით გზაჯვარედინზე, სადაც თხილამურების მრავალი კვალი ერთმანეთს სერავდა და ერთმანეთში ირეოდა, დავიბენი და შეშფოთებული შევაჩერდი ლელას. არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ლელა მშვიდად იდგა და ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა იქაურობას. ჩემზე იყო მონდობილი, ალბათ ეგონა, ეს გზები თბილისის ქუჩებივით ვიცოდი...

ახლა ვერ ვიხსენებ, საით დავეშვით. ის კი მახსოვს, მალე მატარებლის ვიწრო ლიანდაგთან აღმოვჩდით. ლელა იქაც დაეცა და მითხრა ... ფეხი ძალიან მტკივა და სიარულიც გამიჭირდებაო. მე მივიხედ-მოვიხედე, ჩვენი ამხანაგები აღარსად ჩანდნენ, როგორც ეტყობოდა, ისინი სხვა გზით წასულიყვნენ.

 

 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური