მეშვიდე საფეხური
» მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

მოთხრობები (ნაწყვეტი #2)

კარგად არ მახსოვს, როდის იყო, ორი თუ სამი წლის წინათ. შესაძლოა, ოთხი წელიც გავიდა მას შემდეგ... ბაკურიანის პარკში, გორაკზე ნაცნობი ბიჭები და გოგოები შემხვდნენ, ჩემსავით სტუდენტები იყვნენ, ყველას სალმით ვიცნობდი. თხილამურებით ლიბანში წასვლა გადაეწყვიტათ. ლიბანში რომელიმე მატარებლისთვის უნდა მიგვესწრო, რომ იმავე საღამოს უკან დავბრუნებულიყავით. არც ერთმა არ ვიცოდით ხეირიანად თხილამურებზე დგომა, მაგრამ დავადექით უკვე გაკვალულ სათხილამურო ბილიკს, რომელიც ლიანდაგივით მიჰყვებოდა ხელუხლებელ თოვლს. ბილიკი თავისთავად მიგვასრიალებდა, დიდი სიმარჯვე და ოსტატობა არ გვჭირდებოდა. ერთ რიგად გაბაწრულები მივსრიალებდით თოვლით დაბურულ ფიჭვის ტყეში. ცა მოწმენდილი იყო და მზე გვაცხუნებდა. ქათქათა თოვლი მზეზე ბრწყინავდა და თვალებს გვტკენდა. ჩვენკენ გამორბოდნენ თოვლით დამძიმებული ფიჭვები და სადღაც უკან რჩებოდნენ.

ხანდახან ვჩერდებოდით და ტყის დუმილს მივაყურადებდით. შორიახლოს კოდალა აკაკუნებდა ხეს და ამ თოვლიან დიდ მყუდროებას ბზარავდა. თოვლით ვისრესდით და ვიგრილებდით გახურებულ სახეს, მერმე თვალებს ვხუჭავდით და მზისკენ ვაბრუნებდით პირს გასათბობად. მერმე ისევ მივსრიალებდით ხეებსა და დაღვარჭნილ ტოტებს შორის...

ტყის იქით მზე ჩადიოდა. თოვლზე იისფერი ჩრდილები მოსრიალებდა, ჩრდილები თანდათან იზრდებოდა, უსაშველოდ გრძელდებოდა და ერთმანეთს ეხლართებოდა.

უცებ მატარებლის კივილი მოგვესმა. მატარებელმა სულ ახლოს იკივლა. უნებურად ყველანი შეთანხმებულებივით შევჩერდით, ერთმანეთს გადავხედეთ და სმენად დავიძაბეთ. ახლა კივილი უფრო ახლოდან ისმოდა. ზოგმა ისიც თქვა: ბორბლების ხმაური გავიგონეთ, მე ბორბლების ხმაური არ გამიგონია და ამიტომ გაჩუმებული ვიდექი. პირველად მოვდიოდი ასეთ შორ მანძილზე თხილამურებით და უეცარმა შიშმა შემიპყრო. მატარებელს რომ გაესწრო, ღმერთმა იცის, სად მოგვიწევდა ღამის გათევა.

ლიბანში წასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტად ჩავთვალეთ. საკოჭავისკენ გავუხვიეთ. იქნებ იქ მაინც მიგვესწრო მატარებლისთვის.

სულ ექვსნი ვიყავით. მე მეხუთე მივსრიალებდი, ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს წინარეთ. მატარებლის ყოველი წამოკივლება გულს მიხეთქავდა.  კივილი ხან – ბაკურიანის მხრიდან, ხან – ლიბანისა. შემკრთალი და დაბნეული მივქროდით.

 

მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური