მეშვიდე საფეხური
» ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #4)

ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #4)

თავად მიხეილს სახეზე იდუმალი და სანდომიანი, საზრიანი ღიმილი მოეფინა. თვალების ელვას თვლემის სურვილი უქრობდა. მან ჭაბუკს პიჯაკის სახელოზე წაავლო ხელი.

- დაიცადეთ, სანამ საათი დარეკავს, - სთხოვა სერიოზულად თავადმა, - უმდიდრესი, ძლიერი და ყოვლისმცოდნე კაცი კი ვარ, მაგრამ რატომღაც საათის რეკვის მეშინია. დარჩით ჩემთან ცხრა საათამდე და მერწმუნეთ, ის ქალი თქვენი იქნება. ენდეთ ვალელუნას მემკვიდრე პრინცის სიტყვას. ქორწილის დღეს კი ასი ათას დოლარსა და ჰადსუნზე წამოჭიმულ სასახლეს გაჩუქებთ. დაე, იმ სასახლეში ერთი საათიც ნუ იქნება, რომ ბედნიერება არ შეგიზღუდოთ. ისინი ხომ ნეტარებას არ გაცლიან. არ მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, გეთანხმებით, - მიუგო ჭაბუკმა მხნედ, - ასე თუ ისე, მუდამ ხელს გვიშლიან, წიკწიკებენ, რეკავენ და სადილზე გვაგვიანებენ.

მან კვლავ ახედა კოშკის საათს. ცხრას სამი წუთი უკლდა.

- ცოტა თვალს მოვატყუებ, დავიქანცე დღეს, - პრინცი ჩვეულებისამებრ მერხზე წამოწვა დასაძინებლად.

- თუ ჩემს ნახვას ისურვებთ, ამ პარკში მიპოვით, აქა ვარ ხოლმე მუდამჟამს, როცა კი დარია, - თქვა რულმორეულმა თავადმა, - ქორწილის დღეს მინახულეთ და დაპირებულ ჩეკს მოგართმევთ.

- გმადლობთ, თქვენო უდიდებულესობავ, - მიუგო ჭაბუკმა სერიოზულად, - რაღაც არა მგონია, ჰუდსონზე სასახლე დამჭირდეს, მაგრამ მაინც მადლიერი დაგრჩებით ამ სიკეთისა და გულუხვობისთვის.

თავადმა მიხეილმა ღრმა ძილს მისცა თავი. გაცვეთილი ქუდი მერხიდან მიწაზე ჩამოუგორდა. ჭაბუკი დასწვდა, ჭუჭყიან სახეზე დაადო და თან უხერხულად მოკეცილი ხელ-ფეხი გაუშალა. „საბრალო“, - ჩაილაპარაკა თავისთვის, როცა თავადს მკერდთან დაკონკილი ტანსაცმელი გაუსწორა.

ცხრა საათზე პარკში სასიამოვნო მელოდიამ გაიჟღერა. ჭაბუკმა კვლავ ამოიოხრა, სასოწარკვეთილმა უკანასკნელად მიხედა სახლს და აღტაცების წმინდა სიტყვები აღმოხდა - შენობის ზედა შუა ფანჯრიდან ბინდბუნდში ნარნარად ეშვებოდა პატიების ნანატრი სიმბოლო, თოვლივით თეთრი, უმშვენიერესი, ღვთაებრივი. მოფარფატე ნიშანი ჭაბუკს მოახლოებულ ბედნიერებას ამცნობდა.

შორიახლოს მსუქანი, მშვიდი სახის მოქალაქე შინისკენ მიიჩქაროდა. მან, ცხადია, არაფერი იცოდა იმ ციური ნეტარებისა, აბრეშუმის ხელმანდილის ფრიალმა რომ მოჰგვარა ჭაბუკს მთვარის შუქით განათებულ პარკში.

- ვერ მეტყვით, რა დროა, სერ? - ჰკითხა მას ჭაბუკმა. მოქალაქემ მაჯის საათს დახედა და უპასუხა:

- ცხრის ნახევარს ნახევარი წუთიღა უკლია, სერ.

შემდეგ, ჩვეულების გამო, ზევით აიხედა და შესძახა:

- ღმერთო ჩემო! კოშკის საათი ნახევარი საათით წინ წასულა, ათი წელია, არ მახსოვს, ზუსტი დრო ეჩვენებინოს. მაჯის საათს კი ჩემთვის ჯერ არ უმტყუნია...

მაგრამ თანამოსაუბრე სადღაც გამქრალიყო. მოქალაქე შემოტრიალდა და დაინახა ჭაბუკი, უკანმოუხედავად რომ მიჰქროდა განათებულფანჯრებიანი სახლისკენ და საკუთარი ჩრდილი ასდევნებოდა.

 

 

ხალიფა, კუპიდონი და საათი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ო'ჰენრი