მეშვიდე საფეხური
» ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #2)

ხალიფა, კუპიდონი და საათი (ნაწყვეტი #2)

ცოტა ხანში პარკში საღამოს ტანსაცმელში გამოწყობილი ჭაბუკი გამოჩნდა და ორი მერხის გამოტოვებით დაჯდა. ნახევარი საათი ნერვიულად სიგარას ეწეოდა, შემდეგ ხეებს ზემოთ საათის კაშკაშა ციფერბლატს დაუწყო ცქერა. აფორიაქებული ჩანდა. თავადმა მიხეილმა, მისდა სავალალოდ, ივარაუდა, რომ ახალგაზრდა ვაჟის შეშფოთება სწორედ საათის მოზოზინე ისრებს უკავშირდებოდა რაღაცით.

მისი აღმატებულობა წამოდგა და ჭაბუკის მერხისკენ გაემართა.

- მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით, - მიმართა მას, - მაგრამ ვგრძნობ, რაღაც გაწუხებთ. ასე თამამად და კადნიერად იმიტომ ვიქცევი, რომ პრინცი მაიკლი ვარ, ვალელუნას სამთავროს ტახტის მემკვიდრე. ინკოგნიტოდ დავიარები, რასაკვირველია, როგორც ჩემი გარეგნობითაც დაასკვნით. მუდამ მსურს დავეხმარო ღირსეულთ. აი, ახლაც ასე მგონია, თქვენს გასაჭირს ერთობლივი ძალისხმევით ადვილად გავუმკლავდებით-მეთქი.

ახალგაზრდა ვაჟმა თავადს ცნობისმოყვარეობით ახედა და გაიცინა. ერთი წუთით სადარდებელი დაივიწყა, თუმცა სევდამ შუბლი მალევე შეუჭმუხნა.

- მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - ჭაბუკს ხმაში კეთილგანწყობა ემჩნეოდა, - დიახ, ვხედავ, რომ ინკოგნიტოდ ჩნდებით. ეს სავსებით გასაგებია ჩემთვის. მადლობელი ვარ დახმარების შემოთავაზებისთვის, მაგრამ არ მგონია, რამე მოახერხოთ, რადგან ჩემი საწუხარი ძალზედ პირადულია. ყველა შემთხვევაში მადლობას მოგახსენებთ.

პრინცი მაიკლი ჭაბუკს გვერდით მიუჯდა. უარი ხშირად უთქვამთ მისთვის, მაგრამ ურიგო არასოდეს არაფერი უკადრებიათ. მისი დახვეწილი ქცევა და სიტყვა-პასუხი არ აძლევდა ადამიანებს უფლებას, უდიერად მოქცეოდნენ.

- გაკვირდებოდით და ვხედავდი, რა დაჟინებით უცქერდით საათს. იცით, რა მინდა გითხრათ - ის კაცობრიობას ხელ-ფეხს უბორკავს, ჩარჩოებში აქცევს და თავისუფალ შემოქმედებას უშლის, - თქვა თავადმა, - საათის ციფერბლატი ტირანია, მისი ციფრები, ისევე როგორც ლატარიის ბილეთებისა, მუდამ გვატყუებენ. ისრები კი თაღლითი მესაჭეებია, პაემანზე სულიერი ნგრევის ფასად რომ მიგვიძღვიან. ნება მომეცით, გთხოვოთ, გათავისუფლდით ამ ხუნდებისაგან, დაწყვიტეთ ეს არტახები და ნუღარ დაემორჩილებით სპილენძისა თუ ფოლადის ამ სასტიკ, არაადამიანურ მონიტორს.

- ჩვეულებრივ ასეც ვიქცევი, - მიუგო ჭაბუკმა, - მაჯის საათს მხოლოდ მაშინ დავატარებ, როცა საგანგებოდ გამოვეწყობი ხოლმე.

- მერწმუნეთ, ადამიანებსაც ისევე კარგად ვიცნობ, როგორც ბუნების სამყაროს, - დიდი სიამაყით განაცხადა თავადმა. - ფილოსოფიის დოქტორი ვარ, ხელოვნებაშიც ვერკვევი და ფორტუნაც მწყალობს. მხოლოდ ზოგიერთ ავბედით შემთხვევას არ შემიძლია გავუმკლავდე. გთხოვთ, რჩევასა და დახმარებაზე უარი არ მითხრათ. ნუ გამაწბილებთ. თქვენს სახეზე ხომ ნაღველთან ერთად პატიოსნება და კეთილშობილებაც ამოვიკითხე. ჩემი გარეგნობით ნუ იმსჯელებთ და დამიჯერეთ, შემიძლია, გიშველოთ.

 

 

ხალიფა, კუპიდონი და საათი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ო'ჰენრი