მეშვიდე საფეხური
» სოფის სამყარო (ნაწყვეტი #4)

სოფის სამყარო (ნაწყვეტი #4)

სოფის ბაღის ერთ კუთხეში, ჟოლოს ბუჩქების უკან, ველური მცენარეულობა გაუვალ ბარდნარად ქცეულიყო. იქ არც ყვავილები იზრდებოდა და არც რაიმე კენკრის ბუჩქი. არსებითად, ეს იყო ძველი ცოცხალი ღობე, ოდესღაც ტყესთან გავლებულ საზღვარს რომ მიუთითებდა და ოცი წლის გაუსხლავობის გამო ახლა გაუვალ ჯუნგლად ქცეულიყო. ომის დროს ეს ღობე მელიებს ეზოში თავდაპირველად მოგოგმანე ქათმების მოტაცებას უძნელებდაო, ყვებოდა ხოლმე ბებია.

რაც თავი ახსოვდა, სოფიმ იცოდა, რომ იმ ღობეში პატარა ხვრელი იყო, რომელშიც შეძვრებოდა ხოლმე და შუა ბუჩქნარში არსებულ მღვიმეში ამოყოფდა თავს. ეს მღვიმე პატარა სახლივით იყო. სოფიმ იცოდა, რომ იქ ვერავინ იპოვიდა.

ახლაც, ხელში ჩაბღუჯული ორი კონვერტით ბაღი გადაირბინა, ოთხზე დადგა და ღობეში შეძვრა. ბუნაგი იმსიმაღლე იყო, სოფი წელშიც გაიმართებოდა, მაგრამ ამჯერად ხის დაკოჟრილ ფესვებზე ჩამოჯდა. ტოტებსა და ფოთელბს შორის დარჩენილ პაწია ჭუჭრუტანებიდან, რომლებიც ხუთკრონიან მონეტაზე დიდი არ იქნებოდა, მთელი ბაღის დანახვა შეეძლო. პატარაობაში ძალიან ართობდა აქედან იმის ყურება, როგორ დაეძებდნენ დედა და მამა ხეებსა და ბუჩქებს შორის.

სოფის ეს ბაღი მუდამ თავისთავად არსებულ სამყაროდ მიაჩნდა. ყოველთვის, როცა სამოთხის ბაღს უხსენებდნენ, თავის ბუნაგში ჯდომა და პატარა სამოთხის თვალიერება წარმოუდგებოდა თვალწინ.

როგორ გაჩნდა სამყარო?

უჰ, წარმოდგენა არ ჰქონდა! იცოდა, რომ დედამიწა მხოლოდ და მხოლოდ სამყაროში არსებული ერთი პატარა პლანეტა იყო. მაგრამ თვით სამყარო საიდან გაჩნდა?

შესაძლოა, სამყარო ყოველთვის არსებობდა. მაშინ სოფის აღარ დასჭირდებოდა მისი წარმოშობის დადგენა. მაგრამ შეიძლება, რომ რაღაცას ყოველთვის ეარსება? ამ აზრს გულის სიღრმეში აპროტესტებდა. ყველაფერ არსებულს მართლა უნდა ჰქონოდა დასაწყისი? თუკი ასეა, მაშინ სამყაროც რაღაცისგან უნდა შექმნილიყო. სოფი მიხვდა, რომ ახალი პრობლემა გაუჩნდა. ოდესღაც არაფრისგან უნდა გაჩენილიყო რაღაც. მაგრამ ეს შესაძლებელია? ეგებ ისევე მიუღებელია, როგორც სამყაროს მუდმივად არსებობის იდეა?

სოფის სკოლაში ასწავლეს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. ალბათ, ეს იყო პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა. მაგრამ მერე სოფი ისევ ჩაფიქრდა. მას შეეძლო იმის გაგება, რომ სამყარო ღმერთის ნახელავია, მაგრამ თვით ღმერთი? ნუთუ მან არაფრისგან შექმნა თავისი თავი? გულის სიღრმეში ისევ პროტესტი იგრძნო. დავუშვათ, ღმერთი ყველას და ყველაფრის შემოქმედი იყო, მაგრამ თავის თავს როგორღა შექმნიდა? ასე რომ, რჩებოდა ერთადერთი შესაძლებლობა: ღმერთი მუდმივად არსებობდა. მაგრამ ეს შესაძლებლობა სოფიმ უკუაგდო, როცა გადაწყვიტა, რომ ყოველივე არსებულს დასაწყისი უნდა ჰქონოდა.

 

სოფის სამყარო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იუსტაინ გორდერი