მეშვიდე საფეხური
» სოფის სამყარო (ნაწყვეტი #2)

სოფის სამყარო (ნაწყვეტი #2)

სოფიმ სკოლის ჩანთა იატაკზე დაუშვა და შერხანს საჭმელი დაუდგა. მერე სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და ისევ იდუმალ წერილს დახედა:

ვინ ხარ შენ?

წარმოდგენა არ ჰქონდა! ის, რა თქმა უნდა, სოფი ამუნდსენი იყო, მაგრამ ეს „სოფი ამუნდსენი“ ვინღა იყო, ზუტად არ იცოდა.

რა იქნებოდა, მისთვის სხვა სახელი რომ დაერქმიათ, მაგალითად, ანა ნუტსენი. მაშინ სხვა ვინმე იქნებოდა?

უცებ გაახსენდა, რომ თავდაპირველად მამას მისთვის ლილემორის დარქმევა სურდა. სოფიმ სცადა წარმოედგინა, როგორ ჩამოართმევდა ვიღაცას ხელს და ლილემორ ამუნდსენად გააცნობდა თავს, მაგრამ არ გამოუვიდა, თვალწინ სრულიად სხვა ადამიანი წარმოუდგა.

წამოხტა, წერილიანად სააბაზანოში შევიდა, სარკესთან დადგა და თავის თვალებს ჩააშტერდა:

- მე სოფი ამუნდსენი ვარ.

სარკეში მყოფი გოგონა სულ ოდნავ შეტოკდა. რასაც სოფი აკეთებდა, ისიც იმავეს იმეორებდა. ელვისებური მოძრაობით სცადა დაესწრო თავისი ანარეკლისთვის... მაგრამ ისიც სწრაფი აღმოჩნდა.

- ვინ ხარ შენ? - შეეკითხა სოფი.

პასუხი არ მიუღია, მხოლოდ ერთგვარი შეცბუნება იგრძნო - ნეტავ მე დავსვი ეს შეკითხვა თუ იმანო.

ორეულს საჩვენებელი თითი ცხვირზე მიადო და თქვა:

- შენ ხარ მე.

რაკი პასუხი ვერც ამაზე მიიღო, ახლა წინადადება შეატრიალა:

- მე ვარ შენ.

სოფი ამუნდსენი არცთუ ისე კმაყოფილი იყო თავისი გარეგნობით. მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ლამაზი, ნუშისებური თვალები ჰქონდა. მაგრამ, ეტყობა, ამას იმიტომ ეუბნებოდნენ, რომ რაღაც ეთქვათ, რადგან ცხვირი მეტისმეტად პატარა ჰქონდა, პირი კი - მეტისმეტად დიდი. ყურებიც ძალიან ახლოს მოცოცებულიყვნენ თვალებთან. ყველაზე უარესი კი ეს სწორზე სწორი თმა იყო, ვერაფერს რომ ვერ მოუხერხებდი. ხანდახან მამა თავზე ხელს გადაუსვამდა და ცხენისფაფრიან გოგოს ეძახდა. მამას რა უჭირდა, მას ხომ არ ჰქონდა ასეთი გაფშეკილი თმა. სოფის ვერც მუსმა უშველა და ვერც თმის დასაყენებელმა ჟელემ. ზოგჯერ თავი ისეთი უშნო ეგონა, ფიქრობდა, ნეტავ დაბადებისას ხომ არ დავმახინჯდიო. დედა ამბობდა, რთული მშობიარობა მქონდაო. მაგრამ მშობიარობა ხომ არ განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას?

განა უცნაური არ იყო, რომ სოფიმ არ იცოდა, ვინ იყო? მან ხომ თვითონ აირჩია მეგობრები, მაგრამ არა საკუთარი თავი. ადამიანად ყოფნაც კი არ აურჩევია თვითონ.

საერთოდ, რა არის ადამიანი?

სოფიმ კიდევ ერთხელ შეხედა სარკეში მყოფ გოგონას:

- ზემოთ ავალ და ბიოლოგიის დავალებას მივხედავ, - წარმოთქვა თითქმის მობოდიშებით, მაგრამ სასტუმრო ოთახში გამოსულმა გადაიფიქრა: არა, ჯობია, ბაღში გავიდეო.

- ფისო, ფისო! - სოფიმ კატა წინკარიდან გარეთ გაუშვა, თვითონაც გავიდა და კარი გაიხურა.

იდუმალი წერილით ხელში ხრეშიან ბილიკზე მდგარს უცნაური გრძნობა დაეუფლა: თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით უეცრად გაცოცხლებული თოჯინა იყო. განა საკვირველი არ იყო, რომ არსებობდა და ამ ფანტასტიკურ ზღაპარაში დაეხეტებოდა?

 

სოფის სამყარო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იუსტაინ გორდერი