მეშვიდე საფეხური
» ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #5)

ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #5)

ჰოლმსი მშვიდად იჯდა, მაგრამ მისი სწრაფი ანაზდეული მზერა, რომელსაც ესროდა ხოლმე ჩვენს თავშესაქცევ თანამოსაუბრეს, მოწმობდა, რომ ამ კაცმა ძლიერ დააინტერესა.

- არა მგონია, სერ, რომ თქვენი გუშინდელი და დღევანდელი სტუმრობა და ჩვენდამი პატივის დადება მარტო ჩემი თავის ქალის გამოკვლევის მიზნით მომხდარიყოს.

- არა, სერ, რა თქმა უნდა, არა! მართალია, მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შემთხვევა მომეცა, მაგრამ სულაც არ მოვსულვარ ამისათვის, მისტერ ჰოლმს, მე სულაც არა ვარ პრაქტიკული ყაიდის კაცი, თუმცა, ჩემ წინაშე უეცრად აღიმართა ერთი უაღრესად სერიოზული და უცნაური ამოცანა. რამდენადაც თქვენ მიგიჩნიეთ მთელ ევროპაში მეორე მაძებრად...

- ეგრე გგონია?! ნება მომეცით გკითხოთ, ვინ მიგაჩნიათ პირველ მაძებრად? - საკმაოდ მკვეთრი კილოთი ჰკითხა ჰოლმსმა.

- მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანს ბატონ ბერტილიონის შრომები უფრო მეტ პატივისცემას უნერგავენ.

- მაშ, რატომ მას არ მიმართეთ?

- მე ვლაპარაკობდი „აზროვნების მეცნიერულ ხასიათზე“, სერ, მაგრამ როგორც პრაქტიკოსს, თქვენ ბადალი არ გყავთ. იმედი მაქვს, საწყენი არაფერი მიკადრებია...

- ისე, სულ ცოტათი კი გამკენწლეთ, - მიუგო ჰოლმსმა, - მაგრამ მე ვფიქრობ, სერ მორტიმერ, რომ სრულიად სწორად მოიქცეოდით, თუ ახლავე, მიუკიბ-მოუკიბავად მიამბობდით იმ საქმის ვითარებას, რომლის გადასაწყვეტადაც ჩემთან მოსულხართ.

- ჯიბეში ერთი ხელნაწერი მაქვს, - თქვა ექიმმა ჯეიმს მორტიმერმა.

- ეს მაშინვე შევნიშნე, როგორც კი შემოხვედით, - მიუგო ჰოლმსმა.

- მეტად ძველი ხელნაწერია.

- ასე, XVIII საუკუნისა, თუ ყალბი არაა.

- ეს საიდან იცით, სერ?

- რამდენჯერმე მოვკარი თვალი თქვენი ჯიბიდან ამოჩრილი ხელნაწერის კიდეს. აბა, ის ექსპერტი რას მიქვია, ვინც დოკუმენტის თარიღის ამოცნობაში ათ-ოც წელზე მეტს შეცდება. შემთხვევით, ხომ არ წაგიკითხვათ ჩემი პატარა შრომა ამ საკითხზე? მე თქვენს მანუსკრიპტს ათას შვიდას ოცდაათი წლით ვათარიღებ.

- ზუსტი თარიღი ათას შვიდას ორმოცდაორია, - თქვა ექიმმა მორტიმერმა და პიჯაკის გვერდის ჯიბიდან ხელნაწერი ამოიღო, - ეს საგვარეულო რელიკვია შესანახად გადმომცა სერ ჩარლზ ბასკერვილმა, რომლის უეცარმა ტრაგიკულმა სიკვდილმა ამ სამი თვის წინ ასე ააღელვა მთელი დევონშირი. მე თავს ვთვლიდი სერ ჩარლზის არა მარტო ექიმად, არამედ მის პირად მეგობრადაც. ეს იყო ძალაუფლების მოყვარული, ჭკვიანი, ფრიად პრაქტიკული, არა ფანტაზიორი კაცი, ისევე როგორც თქვენი მონა-მორჩილი. და მაინც, ამ დოკუმენტს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, მზად იყო კიდეც იმ დასასრულისთვის, რასაც ბედი უმზადებდა.

ჰოლმსმა ხელნაწერი გამოართვა და მუხლებზე გაასწორა.

- უოტსონ, დააკვირდით „დ“ ასოს დაწერილობას. ეს ერთი იმ თავისებურებათაგანია, რომელმაც დახმარება გამიწია თარიღის დადგენაში.

მაღლიდან დავხედე გაყვითლებულ ფურცლებზე ნახევრად გადაშლილ სტრიქონებს. გვერდის დასაწყისში ეწერა: „ბასკერვილჰოლი“, ქვემოთ კი მსხვილი გაკრული ხელით იყო გამოყვანილი „1742“.

- როგორც ჩანს, რაღაც ჩანაწერია.

- დიახ, ერთი ლეგენდისა, რომელიც ბასკერვილების გვარში დღემდე ცოცხლობს.

 

 

ბასკერვილების ძაღლი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი