მეშვიდე საფეხური
» ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #4)

ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #4)

ჩვენი სტუმრის გარეგნობამ გამაოცა, რადგან ტიპურ სოფლის ექიმის ნახვას ველოდი. ექიმი მორტიმერი აღმოჩნდა ძალიან მაღალი, გამხდარი კაცი. გრძელი ცხვირი ნისკარტივით ჰქონდა წამოშვერილი რუხ, ახლო-ახლო ღრმად ჩამჯდარ თვალებს შორის, სათვალის ოქროს ჩარჩოების მიღმა რომ ციმციმებდნენ.

ჩაცმული ისე იყო, როგორც მისი პროფესიის ადამიანს შეეფერება, ოღონდ რამდენადმე დაუდევრად: ძლიერ გაცვეთილი პიჯაკი და შარვალი ეცვა. თუმცა ახალგაზრდა იყო, უკვე მხრებში იხრებოდა და როცა კეთილისმსურველი მზერით გვათვალიერებდა, კისერს უცნაურად იგრძელებდა.

ოთახში შემოვიდა თუ არა, სტუმრის მზერა ჯოხს მისწვდა, რომელიც ჰოლმსს ეჭირა ხელში, და სიხარულის შეძახილით მივარდა მას.

- რა ბედნიერებაა! მე კი ვერაფრით გავიხსენე, სად დატოვე - აქ თუ სახომალდო კომპანიაში. ასეთი რამის დაკარგვა ნამდვილი საშინელება იქნებოდა!

- ნაჩუქარია? - ჰკითხა ჰოლმსმა.

- დიახ, სერ.

- ჩარინგ-კროსის საავადმყოფოდან?

- დიახ, იქაური მეგობრებისგან, ჩემი ქორწილის დღეს.

- ვაი-ვაი, რა ცუდია! - შესძახა ჰოლმსმა თავის ქნევით.

ექიმმა მორტიმერმა თვალები გაოცებით დაახამხამა.

- რა არის აქ ცუდი?

- ის, რომ თქვენ დაარღვიეთ ჩვენი დასკვნების მსვლელობა. მაშ, ეს საქორწინო საჩუქარი იყო?

- დიახ, სერ. მე დავქორწინდი მივატოვე საავადმყოფოც და კონსულტანტის ადგილის მიღების ყველა იმედიც. საჭირო იყო საკუთარი სახლის მოწყობა, ოჯახის დაბინავება.

- აი, ხედავთ, არც ისე ძლიერ შევმცდარვართ, - თქვა ჰოლმსმა, - ახლა კი, დოქტორ ჯეიმს მორტიმერ...

- რას ბრძანებთ! მე არა მაქვს დოქტორის წოდება, მხოლოდ სამეფო ქირურგიული საზოგადოების უბრალო წევრი გახლავართ.

- და უთუოდ მეცნიერული გონების კაცი ბრძანდებით?

- მე მხოლოდ ზოგიერთი რამ მაკავშირებს მეცნიერებასთან, მისტერ ჰოლმს: ასე ვთქვათ, ნიჟარებს ვაგროვებ ცოდნის უკიდეგანო ოკეანის სანაპიროზე. თუ არ ვცდები, მაქვს პატივი ველაპარაკებოდე მისტერ შერლოკ ჰოლმსს და არა...

- არა, ჩემი მეგობარი უოტსონი, აგერ თქვენ წინ დგას.

ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, სერ. თქვენი სახელი ხშირად იხსენიება თქვენი მეგობრის სახელის გვერდით. თქვენ მეტისმეტად დამაინტერესეთ, მისტერ ჰოლმს. სულ არ ველოდი, რომ ასეთი გრძელი თავის ქალა გექნებოდათ და ასე ძლიერ განვითარებული წარბზედა რკალები. ნება მიბოძეთ, გაგისინჯოთ კეფის ნაკერი. ეგ თავის ქალის ტვიფარი, სერ, ნებისმიერ ანთროპოლოგიურ მუზეუმს დაამშვენებდა მანამ, სანამ თვით დედნის მიღებას მოახერხებდა. მლიქვნელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ პირდაპირ მშურს ასეთი თავის ქალა.

შერლოკ ჰოლმსმა უცნაური სტუმარი სავარძელში ჩასვა.

- როგორც ჩანს, ორივენი საკუთარი საქმის ენთუზიასტები ვართ, სერ, - უთხრა სტუმარს, - თქვენი საჩვენებელი თითი მეუბნება, რომ გახვეულ თამბაქოს ამჯობინებთ. ნუ გერიდებათ, მოსწიეთ.

მორტიმერმა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, თამბაქო და განსაცვიფრებელი სიმარდით გაახვია პაპიროსი. გრძელი, ოდნავ მთრთოლარე თითები ისევე მკვირცხლად და მოუსვენრად მოძრაობდნენ, როგორც მწერის საცეცები.

 

 

ბასკერვილების ძაღლი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი