მეშვიდე საფეხური
» ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #3)

ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #3)

ახლა შენიშნეთ, რომ ამ კაცს არ შეეძლო ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულების კონსულტანტების შტატში, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ დიდი პრაქტიკის მქონე ლონდონელი მკურნალისთვის, ასეთი ექიმი კი ქალაქიდან ძნელად თუ წავიდოდა. მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო? თუ საავადმყოფოში მუშაობდა და შტატში არ ირიცხებოდა, მაშინ ის უმნიშვნელო კურატორი, პრაქტიკანტზე ცოტა მეტი ყოფილა, რომელიც საავადმყოფოსთან ცხოვრობდა. საავადმყოფოდან კი ამ ხუთი წლის წინ წასულა - დახედეთ ამ თარიღს. ამრიგად, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დარბაისელი, ხნიერი ოჯახის ექიმი გაქრა, მის ნაცვლად კი მივიღეთ ოცდაათიოდე წლის უაღრესად სანდომიანი ახალგაზრდა კაცი, არაპატივმოყვარე, გულმავიწყი და დიდად მოყვარული თავისი ძაღლისა, რომელიც, ჩემი აზრით, ტერიერზე დიდია, მაგრამ მასტიფზე პატარა უნდა იყოს.

უნდობლად გავიცინე, შერლოკ ჰოლმსი კი სავარძელში გადაწვა და ჭერისკენ გაუშვა კვამლის წვრილი, ჰაერში ლამაზად დარხეული რგოლები.

- რაც შეეხება უკანასკნელ მოსაზრებას, აქ თქვენი შემოწმება არაფრით არ შეიძლება, - ვთქვი მე, - მაგრამ ამ კაცის ასაკსა და კარიერაზე ზოგიერთ ცნობას კი ახლავე ვიპოვით.

ჩემი წიგნების თაროდან გამოვიღე სამედიცინო ცნობარი და გვარი მორტიმერი მოვძებნე. იქ რამდენიმე მორტიმერი აღმოჩნდა, მაგრამ მე მაშინვე მივაგენი იმას, ვინც წინა დღეს გვესტუმრა, და ხმამაღლა წავიკითხე ყველაფერი, რაც მას შეეხებოდა: „ჯეიმს მორტიმერი, 1882 წლიდან სამეფო ქირურგიული საზოგადოების წევრი. 1882 წლიდან 1884 წლამდე - ჩარინგ-კროსის საავადმყოფოს კურატორი...

სიტყვაც არ არის ნათქვამი მონადირეთა კლუბზე, უოტსონ, - ცბიერად გაიღიმა ჰოლმსმა, - სამაგიეროდ, ნამდვილად სოფლის ექიმია, როგორც შევნიშნეთ. ჩემი ვარაუდი გამართლდა. რაც შეეხება ზედსართავებს, თუ არ ვცდები, ასეთები შევარჩიე: სიმპათიური, არაპატივმოყვარე და გულმავიწყი. ეს კი ვიცი გამოცდილებით - მხოლოდ სიმპათიური ადამიანები ღებულობენ გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს. ყველაზე არაპატივმოყვარენი ცვლიან ლონდონის პრაქტიკას სოფლისაზე, და მხოლოდ გულმავიწყი ადამიანები ტოვებენ სადარბაზო ბარათის ნაცვლად ჯოხს სასტუმრო ოთახში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ.

- ძაღლი?

- გაწვრთნილი ძაღლია, პატრონს დაჰყვება და პირით ნივთებს დაატარებს. ეს არც ისე მსუბუქი ჯოხია. ეტყობა, ძაღლი მას შუა ადგილას ჰკიდებდა პირს, ამიტომ კბილების კვალი სავსებით გარკვევით ჩანს. ნაკბილართა შორის მანძილით თუ ვიმსჯელებთ, ტერიერისთვის ასეთი ყბები მეტისმეტად ფართოა, მასტიფისათვის კი - ძლიერ ვიწრო. შესაძლებელია, რომ... ღმერთო ჩემო! ჰო, რა თქმა უნდა! ხუჭუჭა სპანიელია.

ხმამაღლა მსჯელობდა ჰოლმსი და ოთახში ბოლთას სცემდა, მერე სარკმელთან გაჩერდა. მის უკანასკნელ სიტყვებში ისეთი მტკიცე რწმენა გამოსჭვიოდა, რომ გაკვირვებულმა გადავიხედე:

- მომისმინეთ, ჩემო მეგობარო, საიდან ხართ ასე დარწმუნებული?

- იმ უბრალო მიზეზით, რომ მე ვხედავ ძაღლს ჩვენს კართან... აი, მისი პატრონის ზარიც. არ წახვიდეთ, უოტსონ, გთხოვთ. თქვენ ხომ კოლეგები ხართ და თქვენი დასწრება დამეხმარება. აი, საბედისწერო წუთი, უოტსონ! ხომ გესმით ნაბიჯების ხმა კიბეზე. ეს ნაბიჯები იჭრება თქვენს ცხოვრებაში და არ იცით, რა მოაქვს - სიავე თუ სიკეთე. რა დასჭირდა მეცნიერ კაცს, ექიმ ჯეიმს მორტიმერს მაძებარ შერლოკ ჰოლმსისაგან? ... მობრძანდით.

 

ბასკერვილების ძაღლი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი