მეშვიდე საფეხური
» ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #2)

ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #2)

პირველად მესმოდა ჰოლმსისგან ასეთი რამ. მისმა სიტყვებმა განუზომელი სიამოვნება მომანიჭა, რადგან, ცოტა არ იყოს, თავმოყვარეობას მიბღალავდა ჰოლმსის გულგრილობა ჩემ მიმართ. მე აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით და ვცდილობდი, ამ კაცის მუშაობის მეთოდი საქვეყნოდ ცნობილი გამეხადა, ის კი ჩემს მოწადინებას ყოველთვის უხალისოდ ხვდებოდა. ვამაყობდი იმით, რომ შევძელი ჰოლმსის მეთოდის არა მარტო ათვისება, არამედ მისი პრაქტიკული გამოყენებაც და ამით ჩემი მეგობრის ქება დავიმსახურე.

ჰოლმსმა ჯოხი გამომართვა და მის შეუიარღებელი თვალით დათვალიერებას შეუდგა. შემდეგ, ეტყობა, რაღაცამ ძალიან დააინტერესა, პაპიროსი განზე გადადო, ფანჯარასთან მივიდა და ისევ განაგრძო ჯოხის დათვალიერება, ოღონდ უკვე გამადიდებელი მინით. ღმერთმა უწყის, რა არის, მაგრამ მაინც საგულისხმოა, - თქვა და საყვარელ ადგილს დაუბრუნდა დივნის კუთხეში, - ამ მონაცემებს ზოგიერთი დასკვნისთვის გამოვიყენებთ.

- ნუთუ რაიმე გამომეპარა? - ვკითხე, ცოტა არ იყოს, ქედმაღლურად, - იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი გამომრჩენია?

- სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დასკვნების ნაწილი მცდარია. როცა გითხარით, სინათლის მეგზური ხართ-მეთქი, ვგულისხმობდი, როცა წინა კაცი უკანას ხიდია. თქვენი მარცხი და შეცდომა ზოგჯერ სწორი გზის პოვნაში მეხმარება. მაგრამ ამჯერად არც იმდენად შემცდარი აღმოჩნდით. ეს კაცი ნამდვილად არ ეკუთვნის ქალაქში მოსაქმეთა რიცხვს და ფეხითაც საკმაოდ ბევრს დადის.

- მაშ, მართალი ვყოფილვარ.

- ამ ერთში - კი.

- მაგრამ ეს ხომ ყველაფერია?

- არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს სულაც არ არის ყველაფერი. ასე, მაგალითად, მსგავსი საჩუქარი ექიმს ყველაზე უფრო ადვილად შეეძლო მიეღო რომელიმე სამკურნალო დაწესებულებიდან და არა მონადირეთა კლუბიდან; ხოლო როცა სამკურნალო დაწესებულების წინ ასოები „ჩკ“ სწერია, „ჩარინგ-კროსის“ სახელწოდება თავისთავად აგეკვიატება.

- შეიძლება მართალი ხართ.

- ყველა ნიშანი ასეთ ახსნას ითხოვს. და თუ ჩემს მოსაზრებას სამუშაო ჰიპოთეზად მივიღებთ, ჩვენი უცნობი სტუმრის პიროვნების დასადგენად დამატებითი მონაცემები გვექნება.

- კარგი, დავუშვათ, რომ „ჩკლს“ ნიშნავს „ჩარინგ-კროსის ლაბორატორია-საავადმყოფოს“. რა შემდგომი დასკვნები გამოდის აქედან?

- ნუთუ არაფერი მოგდით თავში? თქვენთვის ხომ ცნობილია ჩემი მეთოდი?  სცადეთ, გამოიყენოთ.

- დასკვნა დღესავით ნათელია: სანამ სოფელში წავიდოდა, ეს კაცი ლონდონში მუშაობდა.

- ცოტა უფრო შორს რომ წავიდეთ? შეხედეთ, რა კუთხიდანაც გნებავთ: რისთვის მიეცა საჩუქარი ამ კაცს? როდის მიიჩნიეს საჭიროდ ამ ჯოხის მირთმევა? ეტყობა, მაშინ, როცა მან სამკურნალო დაწესებულება მიატოვა და კერძო პრაქტიკაზე გადავიდა. მას რომ საჩუქარი მიართვეს, ეს ჩვენთვის ცნობილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საავადმყოფოში მუშაობას სოფლის პრაქტიკა ამჯობინა. მეტისმეტად გაბედული ხომ არ იქნება ჩვენი ვარაუდი, თუ ვიტყვით, რომ საჩუქარი სწორედ წასვლასთან დაკავშირებით მიართვეს?

- ეს სავსებით შესაძლებელია.

 

 

ბასკერვილების ძაღლი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი