მეშვიდე საფეხური
» ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #1)

ბასკერვილების ძაღლი (ნაწყვეტი #1)

მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც, ჩვეულებრივ, გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა ვერ ახერხებდა დაწოლას, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო კარგა მოზრდილი, ბუნიკიანი ჯოხი - ერთი იმ საგანთაგან, რომელსაც საფუძვლიან საბუთს უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ პატარა ვერცხლისფერ ფირფიტაზე წარწერა იყო: „ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-გან“, მერე კი თარიღი: „1884“.

უწინ ასეთ მაგარ, საიმედო ჯოხებს საოჯახო ექიმები ატარებდნენ.

- აბა, უოტსონ, რას იტყვით მაგ ჯოხზე? - ჰოლმსი ზურგშექცევით იჯდა და მეგონა, რომ ჩემი მანიპულაციები მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.

- საიდან იცით, რას ვაკეთებ? კაცი იფიქრებს, რომ ზურგზედაც თვალები გაქვთ!

- ამაზე ადვილი რაა, როცა ჩემ წინ გაპრიალებული ვერცხლის ყავადანი დგას და ყველაფერს ირეკლავს, - მიპასუხა შერლოკმა, - მართლა, უოტსონ, რას იტყვით ჩვენი სტუმრის ჯოხზე? სულ გამოგვრჩა, ვერც შევნიშნეთ და არც კი ვიცით, რისთვის მოვიდა. რაკი ასეთი მარცხი მოგვივიდა, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევით დარჩენილ ნივთს. შეისწავლეთ ჯოხი და სცადეთ მის მიხედვით პატრონის პიროვნების დადგენა. მე კი მოგისმენთ.

- მე თუ მკითხავთ, - დავიწყე ფრთხილად, თან ვცდილობდი ჩემი მეგობრის მეთოდს მივყოლოდი, - ჯოხის პატრონი ექიმი მორტიმერი შუახნის კაცი უნდა იყოს, თანაც ყველასაგან პატივცემული, რაკი მეგობრები ასეთი ყურადღებით ეკიდებიან.

- კარგია! - წამოიძახა ჰოლმსმა, - ჩინებულია!

- ამას გარდა, ვფიქრობ, რომ სოფლის ექიმია და, მაშასადამე, ფეხით ბევრი ხეტიალი უხდება.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ ეს ჯოხი, ეტყობა, უწინ არცთუ ურიგო ყოფილა, ახლა კი ისეა გაცვეთილი, ვერც კი წარმომიდგენია, ქალაქელ ექიმს რანაირად უნდა ეჭიროს ხელში. რკინის ბუნიკი სრულიად მოსცვეთია, - ჩანს, ექიმ მორტიმერს ამის დახმარებით არაერთი მილი გაუვლია.

- უაღრესად ჯანსაღი მსჯელობაა, - შემაქო ჰოლმსმა.

- ჯოხზე გაკეთებული წარწერისა კი რა გითხრათ: მე ვფიქრობ, რომ ასოები „კლს“ აღნიშნავს კლუბს, უფრო მოსალოდნელია, რომ მონადირეთა კლუბს, რომლის წევრებსაც ალბათ, სამედიცინო დახმარებას უწევდა, რისთვისაც ეს პატარა სახსოვარი მიურთმევიათ.

- უოტსონ, თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ! - შესძახა ჰოლმსმა, სავარძელში გადაწვა და პაპიროსი გააბოლა, - არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი მცირე დამსახურების ჩვეული თავაზიანობით აღწერის დროს საკუთარ შესაძლებლობას ამცირებთ ხოლმე. თუ საკუთრივ თქვენგან არ იფრქვევა სინათლის მოკაშკაშე სხივი, ყოველ შემთხვევაში, თქვენ ხართ სინათლის მეგზური. განა ცოტაა ისეთი ხალხი, რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით, მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ. ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია. მე თქვენგან უზომოდ დავალებული ვარ, ჩემო მეგობარო.

 

 

ბასკერვილების ძაღლი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არტურ კონან დოილი