მეექვსე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #46)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #46)

„მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვევლინე... ღმერთმა, ალბათ, გადაწყვიტა: აი ორი გასაოცარი ამოუცნობი მოვლენა...“ ამ სიტყვების ავტორი მარკ ტვენი იყო, მწერალი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

ცნობილი ამერიკელი მწერალი უილიამ ფოლკნერი მარკ ტვენზე წერდა: „მიმაჩნია, რომ ის პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ.“

მრავალი წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მარკ ტვენი წარმატების, ამერიკელთა სანუკვარი ოცნების სიმბოლოს წარმოადგენდა. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მთელი სამყაროს ტურისტები ამერიკაში ორი საოცრების - ნიაგარას ჩანჩქერისა და მწერალ მარკ ტვენის სანახავად ჩამოდიოდნენ. მაგრამ ყველაფერი საკმაოდ მრუმე ფერებით იწყებოდა...

მარკ ტვენი 1835 წელს ფლორიდაში, მისურის შტატში დაიბადა. მამა, ჯონ კლემენსი გადმოცემით პირქუში, გაუცინარი კაცი ყოფილა. მხიარული ხასითი, ოპტიმიზმი და იუმორის საოცარი გრძნობა მას დედისგან გამოჰყვა. ასევე დედისგან გამოჰყვა მას ამბის გადმოცემის ნიჭი, რაც შემდეგში მის ნაწარმოებებში აისახა.

ბავშვობაში ძალიან ცელქი და მხიარული ყოფილა, მაგრამ მისმა ბავშვობამ დიდ ხანს ვერ გასტანა...

როდესაც მამა გარდაეცვალა, იგი სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად, აქედან დაიწყო მისი ცხოვრების გზა. სამუშაო მძიმე იყო, არანაირი ანაზღაურება, მხოლოდ საჭმელი და ტანსაცმელი, ისიც, როგორც თვითონ იგონებს, გამონაცვალი და დიდი ზომის. საწოლიც კი არ ჰქონდა, პირდაპირ სტამბის იატაკზე ეძინა. ამის შემდეგ მან ძალიან ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მისისიპიზე, გემის ლოცმანობა იყო. აქ მან ბევრი რამ ისწავლა, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.

გემზე მას მუდამ თან ჰქონდა წიგნაკი, სადაც იქ მოსმენილ თუ თავს გადამხდარ ამბებს, სკეტჩებს, ანეგდოტებს ინიშნავდა. მაშინ იგი არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ჩანაწერები რაიმეში გამოადგებოდა. თვითონვე უთქვამს: „ლიტერატურა არასოდეს მიტაცებდა, არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა, მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა ხელში კალამი, მწერალი შემთხვევით გავხდიო.“

მან თავისი პირველი ნაწარმოები „ჯიმ სმაილი და მოხტუნავე ბაყაყი“ 1865 წელს, 30 წლის ასაკში დაწერა. ამ ნაწარმოებმა ხალხში უდიდესი სიმპათია დაიმსახურა, მას წლის საუკეთესო მოთხრობად აღიარებდნენ, მაგრამ ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მწერალს არამც თუ უხაროდა, სწყინდა კიდეც. „ვერ გამიგია, რა ნახეს ამ მოთხრობაში?!“ სწერდა იგი დედას.

ბეჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხის“ შემდეგ არცერთ ამერიკულ მოთხრობას არ ღირსებია ისეთი დიდება, როგორც „ტომ სოიერის თავგადასავალს“. უფრო მეტიც, „ბიძია თომას ქოხი“ მხოლოდ ორი შილინგი ღირდა, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ კი თექვსმეტი შილინგი.

ამის შემდეგ იყო „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, რომელიც ფაქტობრივად „ტომ სოიერის“ გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ ის ათი წლის შემდეგ გამოიცა. ამ დროის განმავლობაში მარკ ტვენის ძალიან ბევრი ნაწარმოები გამოქვეყნდა (მას წესად ჰქონდა რამდენიმე წიგნზე ერთობლივად მუშაობა), „უფლისწული და მათხოვარი“, „იანკი მეფე ართურის ეზოში“, „ოქროს ასაკი“.

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მან განაცხადა „მე 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვედი, ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება და მე მასთან ერთად წასვლას ვაპირებ.“ ეს ასეც მოხდა...

თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში მარკ ტვენი გახდა არა მარტო ამერიკის საუკეთესო მწერალი, არამედ მისი უსაყვარლესი და ყველაზე ცნობილი მოქალაქე.

 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: