მეექვსე საფეხური
» სხვადასხვა (ნაწყვეტი #45)

სხვადასხვა (ნაწყვეტი #45)

ადამიანები გარეგნულად ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ჩვენი სხეულები ზუსტად ერთნაირადაა აგებული. ანატომია, ადამიანის სხეულის აგებულების შემსწავლელი მეცნიერება, ადასტურებს, რომ განსხვავება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორისაა. ანატომია, როგორც თანამედროვე მეცნიერება,  XV-XVI საუკუნეებში, რენესანსის ეპოქაში წარმოიშვა. პირველად ამ ეპოქაში გახდა ნებადართული სხეულის ნაწილებისა და შინაგანი ორგაონების შესასწავლად გვამების გაკვეთა და დეტალურად დახატვა. ფიზიოლოგია, მეცნიერება, რომელიც სხეულის ფუნქციონირებას შეისწავლის, იკვლევს, როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი სიცოცხლეს.

ჩვენი შინაგანი ორგანოები და სისტემები ერთად მუშაობენ. ძვლები, კუნთები და ხრტილები უზრუნველყოფენ ჩვენს მოძრაობას. ნერვები სიგნალებს გადმოსცემენ, გული და სისხლძარღვები საკვებით - ფილტვების მიერ შემოტანილი ჟანგბადით - ამარაგებენ ყველა ორგანოს. ჩონჩხის 206 ძვალი ქმნის მყარ და ამავე დროს მოქნილ კარკასს, რომელიც სხეულის ფორმას განაპირობებს. ის გარს აკრავს და იცავს შინაგან ორგანოებს, მაგალითად, ტვინსა და გულს დარტმისგან და სხვა დაზიანებებისგან. ძვლებზე მიმაგრებულია კუნთები, რომლებიც ამოძრავებს ჩონჩხს და მთელ ორგანიზმს. ნერვული სისტემის კონტროლისა და კოორდინირებული მუშაობის გარეშე ორგანიზმი თავის ფუნქციებს ვერ შეასრულებს.  ჩვენი ნერვული სისტემა  წამზე ნაკლებ დროში ერთდროულად გვაძლევს დანახვის, მოძრაობის, შეგრძნების, ფიქრისა და დამახსოვრების საშუალებას. ასევე ავტომატურად აკონტროლებს ორგანიზმის ბევრ შინაგან პროცესს. ეს ხდება თავისა და ზურგის ტვინის საშუალებით, რომლებიც ქმნიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას და უკავშირდებიან სხეულის ნერვების ქსელს. თავის ტვინი ყველაზე რთული ორგანოა, ის ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრია.

XVII საუკუნის დასაწყისში ნიდერლანდებში სამედიცინო ხელსაწყოების მწარმოებლებმა გამოიგონეს გამადიდებელი ხელსაწყო - მიკროსკოპი. თავდაპირველად მეცნიერები პატარა ზომის ობიექტის შესასწავლად, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი იყო, მაღალი ხარისხის მინის ლინზებს და განათებას იყენებდნენ. პირველმა მიკროსკოპისტმა დაინახა, რომ ცოცხალი ორგანიზმი შედგება უამრავი პატარა ნაწილაკისგან, რომელიც რობერტ ჰუკმა უჯრედს მიამსგავსა. სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „უჯრედი.“

უძველეს პერიოდში ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცრურწმენებს, მითებსა და მაგიას ეფუძნებოდა და ადამიანებს სწამდათ, რომ დაავადებებს ღმერთები ან დემონები უგზავნიდნენ. მედიცინის მამის, ბერძენი ექიმის, ჰიპოკრატეს (ძვ.წ. 460-377) აზრით, შესაძლებელი იყო დაავადების დადგენა და მკურნალობა. რომაელი ექიმის, გალენოსის (ახ.წ.129-216წწ) იდეებმა კი ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესახებ  საუკუნეებს გაუძლო. რომის დაცემის შემდეგ მედიცინის შესწავლა სპარსეთში განაგრძეს ექიმებმა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავიცენა (980-1037წწ). უნდა აღნიშნოს, რომ XIX საუკუნემდე ქალები სამედიცინო სფეროში ძალზე იშვიათად მუშაობდნენ, ერთადერთი გამონაკლისი სამეანო საქმიანობა იყო. 

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: