მეექვსე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #33)

პლანეტა დედამიწა (ნაწყვეტი #33)

სიცოცხლე ოკეანეში 3,5 მილიონზე მეტი წლის წინათ ჩაისახა და იქ დღემდე უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობს. თუმცა, მხოლოდ ოკეანე როდია მნიშვნელოვანი საცხოვრებელი გარემო ცხოველებისათვის. წყლის ცხოველები გვხვდებიან კლდეების სანაპიროებზეც, მანგოს ჭაობებშიც და ოკეანეების ბნელ უფსკრულებშიც. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  წყალში 300–ჯერ მეტი განსხვავებული საბინადრო გარემოა, ვიდრე ხმელეთზე. ისინი გაშლილ ოკეანეშიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. წყლის ტემპერატურის, წნევისა თუ მარილიანობის მიხედვით.

სანაპიროს ზოლში ყოველთვის მრავალი სახეობის ცხოველია. მას მუდმივად რეცხავს ტალღები. როცა სანაპირო მოქცევისას წყლით იფარება, იქ მობინადრე პატარა არსებებს უჭირთ წყლიდან ამოტივტივება. ამიტომ, ტალღამ რომ არ გაიტაცოს, სანაპიროს ტალახში იმალებიან. ტალახში ჩაფლული პაწაწინა ცხოველები მშვენიერი საკვებია ჭაობის ფრინველებისთვის.

წყლის ბევრი ცხოველიცა და ფრინველიც სანაპირო ზოლში ბინადრობს და წყალში საკვების საძებნელად ჩადის. მეთოვლიები თევზებს იჭერენ, სელაპები კალმარებზე ნადირობენ, მყვინთავი წავები კარგი მოცურავეები არიან და წყალზეც კარგად ტივტივებენ. მათ სხეულს ხშირი ბეწვი ფარავს, რომელშიც ჰაერი გროვდება და წავი წყლის ზედაპირზე მაშინაც ტივტივებს, როცა სძინავს.

მედუზის შორეული ნათესავი მარჯნები კოლონიებად მცხოვრები ზღვის ცხოველები არიან. მარჯნის პოლიპის სხეულს კალციუმის შემცველი მტკიცე გარე ჩონჩხი იცავს, რომელიც ცხოველის სიკვდილის მერეც არ იშლება. მკვდარი მარჯნების ერთმანეთზე მიმაგრებული ჩონჩხები რამდენიმე კილომეტრის სიგრძის რიფებს ქმნის, რომელთა ღრმულებსა და ნაპრალებში უამრავი ზღვის არსება იდებს ბინას.

ოკეანეში 350–მდე სახეობის ზვიგენი ბინადრობს. ზოგი მათგანი დაუნდობელი, ბასრი კბილებით შეიარაღებული მტაცებელია და ადამიანსაც კი ესხმის თავს, თუმცა, უმრავლესობა უწყინარია. ღამღამობით ზვიგენი ძლიერი ფარფლებით ოკეანის ფსკერისკენ დაცურავს და საკვებად ზღვის ზღარბებსა და კიბორჩხალებს დაეძებს.

ღრმა წყლის კალმარი მთელ სიცოცხლეს უკუნეთ სიბნელეში ატარებს, თუმცა, თავად შეუძლია სინათლის გამომუშავება. კალმარი ამ სინათლეს მსხვერპლის მისატყუებლად და მეწყვილის მისაზიდად იყენებს. თუ მისმა ნათებამ შემთხვევით არასასურველი სტუმრის ყურადღება მიიპყრო, კალმარი აპკიან საცეცებს დაკეცავს და სინათლეს ახშობს.

ბრტყელი თევზები ზრდისას საოცარ სახეცვლილებას განიცდიან. მაგალითად პატარა კამბალა ჩვეულებრივი თევზისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ როცა იზრდება, თავის ქალა უმრუდდება და მარჯვენა თვალი თავის მარცხენა მხარეს ექცევა.

ზოგჯერ ხმელეთზე არსებული წყალიც ისეთივე რთული საცხოვრებელი გარემოა ცხოველებისთვის, როგორიც ოკეანე. ბევრი ცხოველის სიცოცხლე დამოკიდებულია პატარა ნაკადულებსა და ტბებზე, რომლებშიც წყალი ზამთრობით იყინება, ზაფხულში კი დნება; მდორე წყალი ჟანგბადით ღარიბია და  თევზებს სუნთქვა უჭირთ, სწრაფ მდინარეებში კი ცხოვრება ძნელია.

წყლის ცხოველების უმეტესობა ერთ საცხოვრებელ გარემოს ეგუება, თუმცა, ჩვეულებრივი გველთევზა გამონაკლისია. განსაკუთრებული აგებულების თირკმელების წყალობით ის ორივენაირ წყალს ეგუება – მტკნარსაც და მარილიანსაც. ეს თევზი სარგასოს ზღვაში იბადება. ახალგაზრდა გველთევზები ატლანტის ოკეანეს გადაცურავენ და ევროპისკენ მიეშურებიან, სადაც მტკნარი მდინარეები მლაშე ზღვებს უერთდება. ზოგი მათგანი ამ შესართავებშივე აგრძელებს სიცოცხლეს, უმეტესობა კი მდინარეს შეუყვება და საბინადროდ ხელსაყრელ გარემოს ეძებს. ზრდასრული გველთევზები გასამრავლებლად კვლავ მშობლიურ ზღვას უბრუნდებიან.

 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: